უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ოდესაში, რუსული ძალების მხრიდან სარაკეტო თავდასხმის შედეგად 50-მდე შენობა დაზიანდა, მათ შორის საბერძნეთის საკონსულო.
"ამ რაკეტების სამიზნე არ არის მხოლოდ ქალაქები, სოფლები ან ხალხი. მათი მიზანია კაცობრიობა და მთელი ჩვენი ევროპული კულტურის საფუძვლები. ოდესაში 50-მდე შენობა დაზიანდა, მათგან 25 არქიტექტურული ძეგლია. ისტორიული ცენტრი, მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც UNESCO-ს მფარველობის ქვეშ იყო. დაზიანდა საბერძნეთის საკონსულოს შენობაც და ეს უკვე მეორე საკონსულო ოფისია ოდესაში, რომელსაც რუსულმა ტერორმა დაარტყა. 3 დღის წინ კიდევ ასეთმა თავდასხმამ ჩინეთის საკონსულოს შენობა დააზიანა.
რუსეთი თავისი ტერორით მხოლოდ ერთ რამეს აახლოვებს - ისტორიიდან მის დემონტაჟს. ჩვენ ვამზადებთ მხარდაჭერის ახალ პაკეტებს ჩვენი პარტნიორებისგან. ეს არის მეტი საჰაერო თავდაცვა უკრაინისთვის, მეტი არტილერია, მეტი შორი დისტანციის იარაღი, ყველაფერი, რაც რუსი ტერორისტების დამარცხებას აახლოვებს", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ოლეგ კიპერის განცხადებით, რუსეთმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, 22 კი დაშავდა.
უკრაინის ცნობით, ოდესაში რუსული ძალების მხრიდან სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაინგრა ინფრასტრუქტურა, დაზიანდა ფერისცვალების ტაძარი და კერძო სახლები.