უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ირანს კავშირი აქვს როგორც უკრაინაში, ისე ისრაელში მიმდინარე მოვლენებთან.
"ირანი ვერ იტყვის, რომ მას არაფერი აქვს საერთო იმასთან, რაც უკრაინაში ხდება, როდესაც ის Shahed-ებს რუსებზე ყიდის. ირანი ვერ იტყვის, რომ მას არაფერი აქვს საერთო იმასთან, რაც ისრაელში ხდება, როცა მისი ოფიციალური პირები ირწმუნებიან, რომ ჰამასს მხარს უჭერენ", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, დაჯგუფება ჰამასმა კოორდინირებული და კომპლექსური შეტევისთვის დახმარება ირანისგან მიიღო, თუმცა მისი უშუალო ჩართულობის მტკიცებულებები არ აქვთ.
ირანი ისრაელზე თავდასხმის დაგეგმვაში მონაწილეობას უარყოფს, თუმცა ირანის პრეზიდენტმა, იბრაჰიმ რაისიმ პალესტინელ ტერორისტებს მიულოცა და თავდასხმას გამარჯვება უწოდა.
7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.
ჰამასის თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 700-ს გადააჭარბა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაშავებულთა რიცხვი ამ დროისთვის 2 200-ს აღემატება.