ზელენსკი: ძალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი საუბარი მქონდა პრეზიდენტ ტრამპთან

ზელენსკი: ძალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი საუბარი მქონდა პრეზიდენტ ტრამპთან

უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომელიც უკრაინის ლიდერმა "ნაყოფიერად" შეაფასა.

ზელენსკი კიდევ ერთხელ უხდის მადლობას ვაშინგტონს აქამდე გაწეული დახმარებისთვის და დასძინა, რომ მშვიდობის მისაღწევად "კეთილშობილური შეთანხმებაა" საჭირო.

"ძალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი საუბარი მქონდა აშშ-ის პრეზიდენტთან. მივულოცე პრეზიდენტ ტრამპს და მთელ ამერიკელ ხალხს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე.

ჩვენ - უკრაინაში - მადლიერები ვართ გაწეული მხარდაჭერისთვის. ეს გვეხმარება დავიცვათ სიცოცხლე, დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ჩვენ ბევრს მივაღწიეთ ამერიკასთან ერთად და მხარს ვუჭერთ ყველა ძალისხმევას, რათა შეწყდეს მკვლელობები და აღდგეს სამართლიანი, მდგრადი და ღირსეული მშვიდობა. საჭიროა კეთილშობილური შეთანხმება მშვიდობისთვის", - წერს უკრაინის პრეზიდენტი.

ზელენსკის თქმით, მათი საუბარი, ძირითადად, უკრაინაში დღეს არსებულ სიტუაციასა და რუსების მიერ განხორციელებულ იერიშებს შეეხო. ასევე მან დასძინა, რომ პრეზიდენტები იმუშავებენ ერთად უკრაინის ცის გაძლიერების მიზნით.

"დღეს განვიხილეთ არსებული სიტუაცია, მათ შორის რუსეთის საჰაერო დარტყმები და ფრონტის ხაზზე განვითარებული მოვლენები. პრეზიდენტი ტრამპი ძალიან კარგად არის ინფორმირებული და მადლობას ვუხდი მას უკრაინისადმი ყურადღებისთვის. ვისაუბრეთ საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებზე და შევთანხმდით, რომ ერთად ვიმუშავებთ ჩვენი ცის დაცვის გასაძლიერებლად. ასევე შევთანხმდით ჩვენს გუნდებს შორის შეხვედრაზე", - განაცხადა ზელენსკიმ.

გარდა ამისა, პრეზიდენტებს შორის გამართულ საუბარში ყურადღება ასევე გამახვილდა თავდაცვის ინდუსტრიასა და ორ ქვეყნის ერთობლივი წარმოების განვითარებაზე.

ზელენსკი ამბობს, რომ კიევი მზადაა ითანამშრომლოს აშშ-სთან პირდაპირ პროექტებზე, განსაკუთრებით ისეთ კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებში, როგორიცაა დრონები და მათთან დაკავშირებული ტექოლოგია.

"ჩვენ გვქონდა დეტალური საუბარი თავდაცვის ინდუსტრიის შესაძლებლობებსა და ერთობლივ წარმოებაზე. ჩვენ მზად ვართ შეერთებულ შტატებთან პირდაპირი პროექტებისთვის და გვჯერა, რომ ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია უსაფრთხოებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე დრონებსა და მათთან დაკავშირებულ ტექნოლოგიებს ეხება.

ჩვენ ასევე შევეხეთ ორმხრივ შესყიდვებსა და ინვესტიციებს. და ბოლოს, გავცვალეთ მოსაზრებები დიპლომატიურ სიტუაციასა და აშშ-სთან და სხვა პარტნიორებთან ერთობლივ მუშაობაზე.

გმადლობთ!", - წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.