ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთისთვის უკრაინის მიერ წარმატებული წინააღმდეგობის გაწევა საქართველოსთვის ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების პერსპექტივას ქმნის. ამ სიტყვებით უკრაინის პრეზიდენტმა გაერთიანებული საექსპედიციო ძალების წევრებს მიმართა.
ზელენსკიმ რეგიონული თანამშრომლობის ფორმატების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, თუ როგორ ავითარებს უკრაინა ურთიერთობას შავი ზღვის რეგიონის მეზობლებთან: რუმინეთთან, მოლდოვასთან, ბულგარეთთან და თურქეთთან.
აღნიშნა ისიც, რომ მთელი ევროპის კონტინენტის სტაბილურობა და უსაფრთხოება დამოკიდებულია შავი ზღვის რეგიონისა და ზოგადად, აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობაზეა დამოკიდებული.
"უსაფრთხოების ახალი პერსპექტივები, ასევე, გაჩნდება შავი ზღვის მეზობელ სამხრეთ კავკასიაში. ეს შემატებს პოტენციალს ჩვენს ერთობლივ უსაფრთხოებას აქ, ევროპის ჩვენს ნაწილში. მით უმეტეს, როცა რუსული აგრესიისგან ჩვენი თავდაცვის წყალობით, საქართველოსთვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის ახალი პერსპექტივები გაეხსნება", - განაცხადა მან.
უკრაინის პრეზიდენტმა არსებულ ვითარებას "ისტორიული გზაჯვარედინი" უწოდა. მისი თქმით, მხოლოდ ორი ვარიანტი არსებობს: ან ტერორისტული რუსეთი თავისუფლებას დაამარცხებს, რაც ევროპის მთელ კონტინენტზე გავრცელდება, ან თანამშრომლობის წყალობით, რუსეთი ამ დაპირისპირებაში წააგებს.