
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მისი, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შესაძლო შეხვედრა შეიძლება ერთ-ერთ ნეიტრალურ ევროპულ ქვეყანაში – შვეიცარიაში, ავსტრიაში ან თურქეთში გაიმართოს.
„შეხვედრა უნდა იყოს ნეიტრალურ ევროპაში, რადგან ომი სწორედ ევროპაშია. ჩვენ ვეთანხმებით შვეიცარიას, ავსტრიას, თურქეთსაც არა ვეწინააღმდეგებით,“ – თქვა ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.
პრეზიდენტმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ მოსკოვში მოლაპარაკებები გამორიცხულია, ხოლო ბუდაპეშტი „რთული არჩევანია“, რადგან ორბანის ხელისუფლებამ უკრაინის მხარდაჭერა არ უზრუნველყო.
მანამდე, 18 აგვისტოს, ზელენსკი ვაშინგტონში ტრამპსა და ევროპის ლიდერებს შეხვდა, სადაც რუსეთთან ომის დასრულების გზებზე იმსჯელეს და სამმხრივი შეხვედრის იდეამ პოლიტიკური მხარდაჭერა მოიპოვა.