უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სლოვიანსკი დაბომბეს.
"კიდევ ერთი დღე, რომელიც რუსეთის ფედერაციის ტერორიზმით დაიწყო. აგრესორმა სახელმწიფომ ჩვენი სლოვიანსკი დაბომბა. სამწუხაროდ, არის დაღუპული და [ათობით] დაშავებული.
მტერმა უნდა იცოდეს: უკრაინა არ აპატიებს ჩვენი ხალხის შეურაცხყოფას, არ აპატიებს ამ სიკვდილსა და დაზიანებებს. ყველა რუსი ტერორისტი დამარცხდება. ყველა, ვინც ამ აგრესიაში მონაწილეობს, აგებს პასუხისმგებლობას", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამჟამად, ცნობილია, რომ რუსი ოკუპანტების მხრიდან სლოვიანსკის დაბომბვის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პაველ კირილენკო ავრცელებს.