ქართული ოცნების წევრის, ირაკლი ზარქუას თქმით, კირბალში საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით ამბობს რომ "დამნაშავეები იდენტიფიცირებულები არიან" და "გამოძიება გრძელდება".
"ყველა ვაცნობიერებთ ხომ, რომ ოკუპირებულია ტერიტორიები... დამნაშავეები იდენტიფიცირებულები არიან. გამოძიება გრძელდება და როცა მიეცემა ჩვენს სახელმწიფოს [საშუალება] ბუნებრივია, ექნება რეაგირება. ვერ დაემალებიან მართლმსაჯულებას. ჩვენ ახლა რაც შეგვიძლია, შეგვიძლია, რომ უსაფრთხოება მაქსიმალურად კიდევ გავამკაცროთ"- თქვა ზარქუამ.
თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია, თუმცა არც შინაგან საქმეთა სამინისტროს და არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მკვლელების იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუვრცელებია.
ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახმა სავარაუდო მკვლელების ვინაობა 8 ნოემბერს დაასახელა და თქვა, რომ ინფორმაცია სანდო წყაროსგან აქვთ.
თამაზ გინტურის ძმის ინფორმაციით, ეს პირები, სავარაუდოდ, არიან ვასილ დემიდოვი და ნიკოლაი იშჩენკო.
როგორც ის აღნიშნავს, გინტურის ოჯახს არც ერთი უწყება არ შეხმიანებია.
***
6 ნოემბერს სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, მეორე კი გაიტაცეს.
ოკუპანტების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტურია, გატაცებულია ლევან დოთიაშვილი.
ამის შემდეგ ერგენეთში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით აოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა გაიმართა.
თბილისმა თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავეთა დასჯა და ლევან დოთიაშვილის გადმოცემა მოითხოვა. შეხვედრაზე, ოკუპანტებმა თქვეს, რომ საკუთარ დანაშაულზე ე.წ. გამოძიებას აწარმოებენ და რომ გატაცებული დაჭრილი არ არის და ამჟამად ცხინვალის ე.წ. ციხეში იმყოფება. როგორია ლევან დოთიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რეალურად, სუს ინფორმაციას ჯერჯერობით ვერ აზუსტებს. უწყებას ინფორმაცია არც მკვლელობის და გატაცების ზუსტი ადგილის შესახებ აქვს. დაახლოებით ტერიტორიად კი სახელდება ლომისის ეკლესია.
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამტკიცებს, რომ მოკლულმა და გატაცებულმა ე.წ. მესაზღვრეებს წინააღმდეგობა გაუწიეს და სასაზღვრო სამსახურის პერსონალის მიმართ "უკიდურესი აგრესია" გამოიჩინეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.