ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა კელი დეგნანს თავს ესხმის, მას "მავნებელს" უწოდებს და აცხადებს, რომ ის, როგორც ელჩი "ვერ შედგა". მისი თქმით, დეგნანმა "შეცდომები" დაუშვა და ალბათ, იყო ერთ-ერთი "შემოქმედი", რომ აქ რევოლუციური ტალღა აგორებულიყო.
"ესე იგი, რა გამოდის, რომ ჩვენი მთავარი პარტნიორი, რომელიც უნდა იყოს მხარდამჭერი იმ დემოკრატიული პროცესების და ქვეყნის განვითარებას, სიმშვიდის მხარდამჭერი, ქალბატონი დეგნანი, რომელიც არის წარმომადგენელი, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მომავალ ელექტრონულ არჩევნებს, რომელიც მათი რეკომენდაციით დავგეგმეთ და უფრო მეტიც, პრაქტიკაში გამოვიყენეთ ახლა [...]
და ამას რომ კითხვის ქვეშ დააყენებ 2024-ში, მავნებელი ხართ თქვენ ქალბატონო ელჩო, ყოფილო. მე მინდა, ეს მოგმართოთ და პირდაპირ გითხრათ - თქვენ, თქვენი მისია ვერ გაითავისეთ, ვერ გაითვალისწინეთ, რომ არა პარტიის წარმომადგენელი იყავით, არამედ იყავით სახელმწიფოსი, იმ სახელმწიფოსი, რომელზეც იმედებს ვამყარებთ დღემდე და მომავალშიც დავამყარებთ, რომ ჩვენ ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში კიდევ უფრო მეტად წინ წავიწიოთ [...]
თქვენ, სამწუხაროდ, ამ მიმართულებით არცერთი ნაბიჯი არ გადაგიდგამთ, ისევე, როგორც დღემდე არ აქვს საქართველოს თავისუფალი ვაჭრობა აშშ-სთან და თქვენ ამისთვის არაფერი გაგიკეთებიათ, არც უვიზო მიმოსვლა აქვს საქართველოს აშშ-სთან და ამისთვის თქვენ არაფერი გაგიკეთებიათ და არც ინვესტიცია ჩაგიდიათ [...]
არ გამოვა ასე, ორმაგი სტანდარტით. ვწუხვარ, ამის თქმის საშუალება რომ მომეცით, მაგრამ ეს თქვენ ბრძანეთ. ქართველი ერი - უდიდესი ცივილიზაციის, კულტურის, განათლების მქონე საზოგადოება ვართ და რამენაირად, იმასაც გავარკვევდით და გავარკვიეთ, ელექტრონულად როგორ შეიძლება მონაწილეობა მივიღოთ, ვწუხვარ ძალიან ქალბატონო ელჩო, მაგრამ თქვენ, როგორც ელჩი, ვერ შედექით და ეს უნდა ითქვას, ვწუხვარ, თქვენ პოლარიზაცია გაზარდეთ ქართულ საზოგადოებაში, თქვენი განცხადებებით და ამის დემონსტრირებაა ის, რაც ახლა ბოლოს მოვისმინეთ.
[...] ალბათ თქვენ იყავით ერთ-ერთი შემოქმედი, რომ აქ რევოლუციური ტალღა აგორებულიყო, და სამჯერ-ოთხჯერ ჩვენ ეს ჩავახშვეთ, იმიტომ, რომ საქართველოს ინტერესებში და მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესებში არასდროს შედიოდა ქაოსი და არეულობა და არც მეორე ფრონტის გახსნა, რასაც ეს ხელმოცარულები ცდილობენ, ვწუხვარ, მაგრამ თქვენ ძალიან დიდი შეცდომები დაუშვით და დააგვირგვინეთ ამით. მე მქონდა მცდელობა, რომ ბოლოს ლამაზი სიტყვებით გამეცილებინეთ, მაგრამ, სამწუხაროა რომ ასე მოხდა, ასე რომ Goodbye, my darling", - განაცხადა ზარქუამ.
კელი დეგნანმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ელექტრონული არჩევნების სისტემაზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ აშშ-ის საელჩო მხარს დაუჭერს ამომრჩევლის განათლების კამპანიას, რომელიც ადამიანებს დაეხმარება არა მხოლოდ იმის გაგებაში, რატომ არის მათი ხმა მნიშვნელოვანი, არამედ იმაშიც, ამომრჩეველმა იცოდეს ეს როგორ მუშაობს.
მისი თქმით, აშშ-შიც ვნახეთ, ელექტრონული სისტემა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ყველაფერი "სუფთა და სამართლიანი იქნება" - დეგნანმა განაცხადა, რომ მისით მანიპულაციაც შესაძლებელია, თუკი ადამიანები არ არიან გაწვრთნილები ამ სისტემის გამოყენებაზე და თუკი ამომრჩევლებს არ ესმით ის როგორ მუშაობს.