ზარქუა ბრიტანეთის მოქალაქის არშემოშვებაზე: რადგან უარი ეთქვა, ამის საფუძველი არსებობდა

ზარქუა ბრიტანეთის მოქალაქის არშემოშვებაზე: რადგან უარი ეთქვა, ამის საფუძველი არსებობდა

ქართული ოცნების წევრი, ირაკლი ზარქუა საქართველოში ბრიტანეთის მოქალაქის, ბენ მალეტის არშემოშვებას ეხმაურება. მისი თქმით, "რადგან [მას] უარი ეთქვა, ესე იგი, ამის საფუძველი არსებობდა".

"ხაბე, დარეკე, მოვიკითხოთ. რა ვიცი, რა უნდა ვთქვა. ჩვენ გვაქვს სასაზღვრო უწყებები, შესაბამისი უწყებები. იქ, სადაც ჩათვლიან, რომ ისინი წარმოადგენენ სახიფათოს ჩვენი ქვეყნისთვის, შესაბამის გადაწყვეტილებას ღებულობენ. მათ აქვთ ამის უფლებამოსილება.

ხან უნდათ, რომ რუსები შემოვიდნენ და არ ვუშვებთ ჩვენ, ხან ვიღაც ექსპერტები, ხან ვიღაც რევოლუციონისტები. ეს არის ამათი ხელწერა და არ გამოვრიცხავ, აქაც მსგავსი იყოს. რადგან უარი ეთქვა, თუ ასეთი ფაქტი არის, ესე იგი ამის საფუძველი არსებობდა", - ამბობს ზარქუა.

გუშინ ნაციონალური მოძრაობის კონსულტანტი, ბრიტანეთის მოქალაქე ბენ მალეტი საქართველოში არ შემოუშვეს. როგორც ცნობილია, ის 1 კვირის წინ საქართველოში იმყოფებოდა, რამდენიმე დღით ქვეყნიდან გავიდა, რის შემდეგაც ის საქართველოში აღარ შემოუშვეს.

თბილისის აეროპორტში გვიან ღამით პარტიის ლიდერები - ლევან ხაბეიშვილი და პეტრე ცისკარიშვილი მივიდნენ. ენმ-ის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ ამით ხელისუფლება დიპლომატიურ სკანდალში ეხვევა.