პარლამენტის ვიცესპიკერი, ქართული ოცნების წევრი გია ვოლსკი ანალენა ბერბოკის განცხადებას "არასწორს" უწოდებს და ამტკიცებს, რომ ამ ხელისუფლების შექმნილია კონსტიტუცია, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი უმთავრესია.
საქართველოში ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრე ანალენა ბერბოკმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ "საქართველოს პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს" ხედავენ.
"არასწორი განცხადებაა-თქო ვამბობ იმიტომ, რომ საზოგადოების უმრავლესობა და უდიდესი ნაწილი არის სწორედაც ორიენტირებული ევროინტეგრაციის პროცესის მიზანზე. საზოგადოების უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს იმ ხელისუფლებას, რომელიც არჩევნების გზითაა მოსული და ამ ხელისუფლების მიერაა შექმნილი ის კონსტიტუცია, რომელშიც წერია, რომ სწორედაც, ეს მიმართულებაა მთავარი"- ამბობს ვოლსკი.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის ოფიციალური ვიზიტი 23-24 მარტს გაგრძელდება.
ბერბოკს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს. გაიმართება შეხვედრა როგორც პირისპირ ფორმატში, ისე ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის, რის შემდეგაც გაკეთდება განცხადებები პრესისთვის.
ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერმინისტრი. ანალენა ბერბოკს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. გერმანელი დიპლომატი ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ბერბოკი ასევე შეხვედრას გამართავს სამოქალაქო საზოგადოების წარმომდგენლებთან და სტუდენტებთან.