პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი აქტივისტი და კრემლის კრიტიკოსი ვლადიმირ კარა-მურზა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაღუპვას სოციალურ ქსელში განცხადებით ეხმაურება.
ვლარიმირ კარა-მურზას თქმით, დანამდვილებით იცის, რომ ალექსეი ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებლობა პირადად ვლადიმერ პუტინს ეკისრება. ის ამბობს, რომ პუტინმა 25-წლიანი მმართველობის პირობებში "თან სდევს სიკვდილი" არა მხოლოდ რუსეთში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოშიც.
"ერთი რამ დანამდვილებით და მტკიცედ ვიცი - ალექსეი ნავალნის სიკვდილზე პირადად ვლადიმერ პუტინია პასუხისმგებელი, რადგან ალექსეი მისი პირადი პატიმარი იყო. და მხოლოდ ვლადიმერ პუტინის პირადი ბრძანებით შეეძლოთ FSB-ს მე-2 სამსახურის მომწამვლელებს, გამომძიებლებს, პროკურორებს და მოსამართლეებს სასჯელის გამოტანა, ციხის მაღალჩინოსნებს კი მოქმედება და წამების პირობების შექმნა.
ამ კაცს თავისი 25-წლიანი ძალაუფლების განმავლობაში თან სდევს სიკვდილი - სწორედ იმ შემოდგომიდან, როცა საკუთარ ბინებში მძინარე მშვიდობიანი მოქალაქეები ააფეთქა. შემდეგ იყო ჩეჩნეთი, ნორდ-ოსტი, ბესლანი, საქართველო, სირია, უკრაინა. საკუთარ დაბადების დღეზე მოკლული ანა პოლიტკოვსკაია, წელში ჩაცხრილული ბორის ნემცოვი, "სეირნობის შემდეგ გონების დაკარგვით" ციხეში დაღუპული ალექსეი ნავალნი.
იღუპებიან საუკეთესოები - ყველაზე მამაცები, ყველაზე გულწრფელები, ყველაზე მზრუნველები. "ყველა ბრუნდება - მათ გარდა, ვინც საჭიროა". და მხოლოდ შურისმაძიებელი, მშიშარა, გაუმაძღარი მოხუცი ინარჩუნებს სასიკვდილო ძალას და ანადგურებს ნებისმიერს, ვისაც საკუთარი ძალაუფლების დაკარგვის საფრთხედ აღიქვამს.
ის უნდა შეაჩერონ. და მხოლოდ რუსეთის საზოგადოებას შეუძლია ამის გაკეთება", - წერს ვლადიმირ კარა-მურზა Facebook-ზე.
რუს ოპოზიციონერ აქტივისტს, კრემლის კრიტიკოსს ვლადიმირ კარა-მურზას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა სახელმწიფოს ღალატისა და სხვა ბრალდებებისთვის, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის კრიტიკას უკავშირდება.
კარა-მურზა 2022 წლის 11 აპრილს, საკუთარ სახლთან დააკავეს. დაკავების მიზეზად პოლიციამ განაცხადა, რომ პოლიტიკოსი „პოლიციის ოფიცრების დანახვისას არასათანადოდ იქცეოდა, იცვლიდა გადაადგილების ტრაექტორიას და [პოლიციის მხრიდან] გაჩერების მოთხოვნის შემდეგ მიმალვა სცადა".
2024 წლის 29 იანვარს კარა-მურზას ცოლმა გაავრცელა მიმართვა და თქვა, რომ მის ქმარს დაატოვებინეს ციმბირის მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების კოლონია, რომელშიც ის სექტემბრიდან იმყოფებოდა და გაურკვეველ ადგილას გადაიყვანეს.
***
16 თებერვალს, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი გამოსასწორებელ კოლონიაში დაიღუპა.
ნავალნი 47 წლის იყო.
რუსეთის სასჯელაღსრულების რეგიონულ სამმართველოში ამტკიცებენ, რომ ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება ჩატარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს: "გარდაცვალების მიზეზი დგინდება".
კრემლის პროპაგანდისტული RT ირწმუნება, რომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა თრომბია.
დეკემბერში ალექსეი ნავალნი განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს, რომელიც პოლარული წრის მიღმა მდებარეობს.
ალექსეი ნავალნი 2021 წელს დააკავეს, როდესაც გერმანიიდან რუსეთში დაბრუნდა, სადაც მოწამვლის შემდეგ მკურნალობას გადიოდა. მაშინ ივ როშეს საქმეზე პოლიტიკოსს პირობითი მსჯავრი რეალურით შეუცვალეს.
2022 წელს სასამართლომ ნავალნის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ის თაღლითობაში დაადანაშაულა. 2023 წლის აგვისტოს ე.წ. ექსტრემიზმის საქმეზე ნავალნის 19 წელი მიუსაჯეს. თავდაპირველად ნავალნი ვლადიმირის ოლქის ციხეში იმყოფებოდა. გასული წლის დეკემბერში კი მისი ეტაპირება მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდა.
ეატპირების პერიოდში ალექსეი ნავალნის თანამოაზრეები და ადვოკატები 20 დღის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ, 25 დეკემბერს კი ცნობილი გახდა, რომ ახალ ციხეში გადაიყვანეს.
3 კოლონიაში, რომელსაც "პოლარულ მგელსაც" უწოდებენ და სადაც ახლა ნავალნი იყო მოთავსებული, იმყოფებოდნენ YUKOS-ის ერთ-ერთი თანამფლობელი პლატონ ლებედევი, ასევე უკრაინელი რეჟისორი და აქტივისტი ოლეგ სენცოვი.
აღნიშნულ ციხეში პირობები საკმაოდ მკაცრია, მისვლაც საკმაოდ რთულია და წერილების მიწოდებაც გართულებულია.