"ვიზიარებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, ვიხდით ბოდიშს" - ბლექ სი არენა The Killers-ზე

"ვიზიარებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, ვიხდით ბოდიშს" - ბლექ სი არენა The Killers-ზე

ბლექ სი არენა The Killers-ის კონცერტზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ "არტისტის მოქმედება სცენაზე არ არის მათი პოზიცია". კომპანია მსმენელს ბოდიშს უხდის.

"გვესმის ჩვენი სტუმრების ემოციების. არტისტის მოქმედება სცენაზე არ არის Black Sea Arena-ს პოზიცია. ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, გულწრფელად ვიხდით ბოდიშს და გიზიარებთ არტისტის პასუხს მომხდართან დაკავშირებით. რუსეთი ოკუპანტია", - წერს კომპანია Facebook-ზე.

***

Black Sea Arena-ზე კონცერტის დროს, The Killers-ის სოლისტმა აუდიტორიიდან სცენაზე რუსი დრამერი აიყვანა, რასაც ხალხის პროტესტი მოჰყვა.

სოციალურ ქსელში მოქალაქეები წერენ, რომ ერთ-ერთი სიმღერის შესრულებამდე, ჯგუფის სოლისტმა დარბაზში შეკრებილებს ჰკითხა, იცოდა თუ არა მათ შორის ვინმემ დრამზე დაკვრა, რის შემდეგაც, სცენაზე ერთ-ერთი ადამიანი აიყვანა, რომელიც ეროვნებით რუსი აღმოჩნდა.

შერჩეული დრამერის ეროვნების გაგების შემდეგ, სოლისტმა აუდიტორიას ჰკითხა, მისაღები იყო თუ არა მათთვის, რომ სცენაზე რუს დრამერს დაეკრა, რასაც ხალხის მხრიდან შეძახილები მოჰყვა. ამის მიუხედავად, ჯგუფმა რუს დრამერთან ერთად დაუკრა.

სიმღერის დასრულების შემდეგ, The Killers-მა აუდიტორიას მიმართა და აღნიშნა, რომ მისი აზრით ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს და მუსიკაში საზღვრები არ არსებობს. ამ სიტყვებს აუდიტორიის მხრიდან უფრო დიდი პროტესტი მოჰყვა, რის გამოც, მსმენელთა ნაწილმა დარბაზი დატოვა.

ბლექ სი არენაზე კონცერტის შემდეგ, The Killers-მა განცხადება გაავრცელა და მსმენელს ბოდიში მოუხადა. ბენდში ამბობენ, რომ "ხალხის თავდაპირველი პასუხი მიანიშნებდა, რომ აუდიტორიიდან სცენაზე აყვანილი ადამიანი მისაღები იყო". ისინი განმარტავენ, რომ მათი კომენტარი "შესაძლოა არასწორად იქნა გაგებული".