"ვგმობთ რელიგიის გამოყენებას ვიწრო ინტერესებისთვის" - რელიგიის საკითხთა სააგენტო ადიგენზე

"ვგმობთ რელიგიის გამოყენებას ვიწრო ინტერესებისთვის" - რელიგიის საკითხთა სააგენტო ადიგენზე

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ადიგენში, რელიგიური ნიშნით მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება. საუბარია 8 მარტს მომხდარ დაპირისპირებაზე, რა დროსაც ადიგენის ცენტრში მუსლიმებს პარასკევის ლოცვა ჩაუშალეს.

რელიგიის საკითხთა სააგენტო გმობს რელიგიისა და რწმენის გამოყენებას ვიწრო ინტერესებისთვის. ამასთან, მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მიუღებელია ნებისმიერი მიზანმიმართული დესტრუქცია.

"სააგენტოსთვის მიუღებელია ნებისმიერი მიზანმიმართული დესტრუქცია და გმობს რელიგიისა და რწმენის გამოყენებას ვიწრო ინტერესებისათვის. სააგენტო არ მიესალმება ძალადობას და იმედოვნებს, რომ საკითხი უსწაფესად იქნება დარეგულირებული. რელიგიისა და რწმენის თავისუფლება დაცულია საქართველოში და ამის ხმამაღლა აღიარება არაერთხელ მომხდარა საქართველოს პარტნიორი ქვეყნების რელიგიის საკითხებზე მომუშავე მაღალი რანგის პირების მიერ.

სააგენტო მოუწოდებს მხარეებს, გამოიჩინონ კეთილგონიერება და იმოქმედონ საქართველოს ინტერესების და კანონმდებლობის შესაბამისად. ამავდროულად, მოუწოდებს მუსლიმ და ქრისტიან რელიგიურ ლიდერებს, არ აყვნენ პროვოკაციას და საკუთარ მრევლში იმუშაონ, რათა მომხდარი ფაქტის გარშემო არსებული დაძაბულობა არ გადავიდეს მრევლში. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სისტემატური კომუნიკაცია აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მისი რეგიონალური კოორდინატორი აქტიურად არის ჩართული აღნიშნულ საკითხში.

სააგენტო მოუწოდებს პოლიტიკურ სუბიექტებს, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისაგან, გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და იმოქმედონ სეკულარიზმის პრინციპების შესაბამისად. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დასაწყის ეტაპზევე აქტიურად იყო ჩართული ზემოხსენებული საკითხის დარეგულირებაში და მომავალშიც მზადაა იმოქმედოს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ყველა რელიგიური კონფესიის ინტერესების დასაცავად", - ნათქვამია განცხადებაში.

***

8 მარტს, ადიგენის ცენტრში მუსლიმებს პარასკევის ლოცვა ჩაუშალეს. ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.

კერძოდ, დაპირისპირება იუსუფ მიქელაძის სახლთან მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას და შესაბამის ვიდეომასალას ბათუმელებმა გაავრცელა.

სახლის გარეთ ათეულობით პოლიცია და ადამიანების დიდი ჯგუფი იდგა, მათ შორის იყვნენ მართლმადიდებელი სასულიერო პირებიც.

ხულოს მუფთის, ასლან აბაშიძის თქმით, გარკვეული პირები შუღლის გაღვივებას ცდილობენ. მან ახსენა ადგილობრივ მღვდელი. ასევე, განაცხადა, რომ მსგავსი შემთხვევა გასულ კვირასაც მოხდა.

დეპუტატი ტარიელ ნაკაიძემ პრემიერ ირაკლი კობახიძეს რეაგირებისკენ მოუწოდა.