ვაშაძე: საბიუჯეტო ცვლილებებს მხარს დავუჭერთ, თუ 400 მილიონი საპენსიო სესხებს მოხმარდება

ვაშაძე: საბიუჯეტო ცვლილებებს მხარს დავუჭერთ, თუ 400 მილიონი საპენსიო სესხებს მოხმარდება

სტრატეგია აღმაშენებელი და ნაციონალური მოძრაობა მზად არიან მხარი დაუჭირონ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ თანხიდან 400 მილიონი ლარით პენსიონერთა სესხები დაიფარება. განცხადება ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ დღეს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

მისი თქმით, სწორი გადაწყვეტილება იქნება დაიფაროს პენსიონერების ვალები, რომლებიც მათ ლიბერთი ბანკიდან, მძიმე კაბალურ პირობებით აქვთ აღებული.

"ჩვენ, გამარჯვების კოალიციის წევრები, სტრატეგია აღმაშენებელი და ნაციონალური მოძრაობა, მზად ვართ მივიღოთ უპრეცედენტო გადაწყვეტილება და დავუჭიროთ ბიუჯეტს მხარი ერთ შემთხვევაში - თუ ამ თანხიდან 400 მილიონი მოხმარდება საპენსიო სესხების გასტუმრებას. ანუ, ეს არის ჭარბი თანხა, რომელიც მიიღო ბიუჯეტმა და ვფიქრობთ, რომ ყველაზე სწორი იქნება თუ პენსიონერებს გავუსტუმრებთ ვალებს, იმ კატასტროფულ, კაბალურ პირობებში აღებულ ვალებს, რომლებიც მათ დღეს აქვთ. ვალების ჯამური რაოდენობა დაახლოებით 400 მილიონ ლარს შეადგენს. ვფიქრობთ, ეს არის ჭარბი თანხა და ყველაზე სწორი იქნება ის პენსიონერებს მოხმარდეს. ასობით ათას მათგანს, რომელთაც დღეს, სამწუხაროდ, კაბალური პირობებით აქვთ ვალი აღებული ლიბერთი ბანკიდან", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.