გამარჯვების კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების თაობაზე.
მისი თქმით, გრიგორიადისის შეწყალებით, დადასტურდა, რომ ევროპული მომავლისთვის ბრძოლა შედეგიანი იქნება. ამის შესახებ ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს.
"მივესალმები ლაზარეს შეწყალების გადაწყვეტილებას. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ევროპული მომავლისთვის ბრძოლა იქნება შედეგიანი. კი ევროპას! არა რუსულ კანონს!", - წერს ვაშაძე.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, მან დღეს, დილის 10:00 საათზე მიიღო გადაწყვეტილება მარტის აქციების შემდეგ დაკავებული აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებაზე. ეს განცხადება მან ტვ პირველის ეთერში, ინგა გრიგოლიას გადაცემაში გააკეთა.
ზურაბიშვილის თქმით, შეწყალებაზე ხელი ჯერ არ მოუწერია, თუმცა გადაწყვეტილება მიღებულია და დარჩენილია პროცედურები.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი მარტის აქციების საქმეზე დამნაშავედ ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოაცხადა.
გრიგორიადისის საქმის განხილვა 8 აპრილს დასრულდა.
2023 წლის 31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.
აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ მალევე სიძულვილის კამპანია დაიწყო, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მას არაერთხელ უწოდა "ორიენტაციაარეული".
22 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 7-8 მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმა, სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მხარდაჭერით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავების თაობაზე განცხადებით მიმართეს.