ვაშაძე ბერსეს ვიზიტზე: მკაფიოდ თქვა - ვერ უზრუნველყოფს თვითმარქვია რეჟიმის ლეგიტიმაციას

ვაშაძე ბერსეს ვიზიტზე: მკაფიოდ თქვა - ვერ უზრუნველყოფს თვითმარქვია რეჟიმის ლეგიტიმაციას

ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ლიდერი გიორგი ვაშაძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მან თქვა, რომ "მკაფიო გზავნილია გენერალური მდივნის მხრიდან - ვერანაირად ვერ უზრუნველყოფს თვითმარქვია რეჟიმის ლეგიტიმაციას".

ამასთან, ის ამბობს, რომ ალენ ბერსე არ აპირებს ქართული ოცნების მიერ დასმულ პრეზიდენტთან მიხეილ ყაველაშვილთან შეხვედრას.

გიორგი ვაშაძის თქმით, აქვთ ინფორმაცია, რომ საქართველოში ჩამოვა წამების კომიტეტი, რომელიც დამატებით შეისწავლის ბრუტალური წამების ფაქტებს, რომელიც ჩაიდინა ქართულმა ოცნებამ.

"მკაფიო განცხადება მისი მხრიდან, რომ არანაირი ლეგიტიმაციის საკითხთან დაკავშირებით ის აქ არ არის და ვერანაირად ვერ უზრუნველყოფს ვერანაირი თვითმარქვია რეჟიმის ლეგიტიმაციას, ეს განსაკუთრებით პროპაგანდისტული მედიის საყურადღებოდ. მეორე, რომ არ აპირებს შეხვდეს ყაველაშვილს, გუშინ ყალბი ინფორმაცია გაავრცელა ტელეკომპანია იმედმა ამასთან დაკავშირებით.

ძალიან კარგად იცის, რომ მისი ამ ვიზიტის გამოყენება ხდება სიყალბისთვის თვითმარქვია რეჟიმის მხრიდან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. აუცილებლად, ჩვენი ინფორმაციით, ჩამოვა წამების კომიტეტი, რომელიც დამატებით შეისწავლის იმ ბრუტალური წამების ფაქტებს, რომელიც ჩაიდინა ქართულმა ოცნებამ. მეხუთე - კონკრეტული საქმეებითაც იყო დაინტერესება, ასევე წამების, მათ შორის ჩემზე თავდასხმის, რაც, მათი აზრითაც, ეს სისხლის სამართლის კოდექსი კვალიფიცირდება როგორც მკვლელობის მცდელობა. ამ საქმეზე იყო განსაკუთრებული ინტერესი, იმიტომ რომ ეს არის თავისთავად ახალი რანგის დანაშაულებრივი ქმედება რეჟიმის მხრიდან. [...]

საბოლოო ჯამში, უნდა ვთქვათ, რომ სრულად ინფორმირებულია ყველა სიტუაციაზე რაც საქართველოშია და ვფიქრობ, მომავალ წელს ძალიან ბევრი კონკრეტული ნაბიჯი იქნება მათი მხრიდანაც, იმ ყველა ინსტიტუციის გამოყენებით, რომელიც საქართველოშია", - თქვა გიორგი ვაშაძემ.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე ვიზიტით საქართველოში იმყოფება. ბერსე გუშინ შეხვდა დე ფაქტო პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს, ოლიგარქ ივანიშვილს, ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს და ომბუდსმენ ლევან იოსელიანს.