ევროკომისია უახლოეს პერიოდში ევროკავშირს შესთავაზებს მეტი ფული გამოყოს ქვეყნებისთვის, რომელთაც წევრობა სურთ და ერთიან ბაზარზე წვდომა შესთავაზოს, რათა წევრობისთვის მზადება დააჩქარონ. ამის შესახებ ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ისაუბრა.
ამჟამად ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი 8 ქვეყანას აქვს - ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მოლდოვა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, თურქეთი და უკრაინა. ამასთან, ორი ქვეყანა - საქართველო და კოსოვო - პოტენციურად კანდიდატი ქვეყნები არიან.
"რამდენიმე კვირაში ნახავთ, როგორ წარვადგენთ გაფართოებაზე ახალ ხედვას და პაკეტს, რომელიც ახლა მოიცავს ათ კანდიდატ ქვეყანას ან ქვეყნებს ევროპული პერსპექტივით", - განაცხადა ვარჰეიმ პრესკონფერენციაზე.
"ამ ანგარიშში, ჩვენ არამხოლოდ გვსურს წინსვლა, არამედ გვსურს, მივცეთ საშუალება უფრო სწრაფ ინტეგრაციას", - განაცხადა მან ესპანეთში ევროკავშირის მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ, სადაც განიხილავდნენ, როგორც უნდა მოემზადონ ახალი წევრების მისაღებად.
ვარჰეის თქმით, ევროკავშირი შეეცდება დაეხმაროს კანდიდატებს უფრო სწრაფად მოემზადონ წევრობისთვის დასავლეთ ბალკანეთის ზრდის გეგმის მეშვეობით, რათა შემცირდეს "ეკონომიკური და სოციალური სხვაობა" ამ ქვეყნებსა და ევროკავშირის დანარჩენ ნაწილს შორის.
ამ სქემის თანახმად, ქვეყნები ეტაპობრივად მიიღებენ წვდომას ევროკავშირის ერთიან ბაზარზე 450 მილიონი მომხმარებლით, სადაც საქონელი, მომსახურება, შრომა და კაპიტალი თავისუფლად გადაადგილდებიან ჯერ კიდევ ევროკავშირში სრულუფლებიან წევრობამდე.
"ეს სასარგებლო იქნება როგორც ევროკავშირის, ასევე კანდიდატი ქვეყნებისთვის", - განაცხადა ვარჰეიმ.
მისივე თქმით, კომისიის წინადადება ასევე მოიცავს მეტი ფულის გამოყოფას კანდიდატებისთვის, რათა დაეხმარონ რეფორმების დაჩქარებას, რომლებიც აუცილებელია ბლოკში გაერთიანებისთვის. თანხები ჯერ არ სახელდება.