ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელინა ვალტონენის თქმით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ მსოფლიომ უკრაინის მხარდაჭერა გააგრძელოს.
ამის შესახებ მან ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალზე განაცხადა.
"უნგრეთის პოზიცია ბოლო თვეების განმავლობაში ნამდვილად ძალიან სამწუხაროა. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა, რამდენ ხანსაც საჭიროა. ეს არამხოლოდ უკრაინის გამო, არამედ ჩვენ გამოც. უნგრეთისთვის თანხის გაცემა არ უნდა იყოს ვაჭრობის საგანი, მაგრამ ამ ვითარებაში უნდა ვიპოვოთ ყველა შესაძლო გზა, რომელიც საკითხის მოგვარებაში დაგვეხმარება. ფინეთი ერთგულია ევროკავშირის გაფართოების, რაც დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია.
მე კარგი მსჯელობა მაქვს საქართველოსთან და პოზიტიურად ვართ განწყობილი ბევრი რეფორმის მიმართულებით პროგრესის ნიშნების მიმართ. ამიტომ, დარწმუნებული ვართ, შევძლებთ პასუხის პოვნას, რაც კარგი იქნება საქართველოსთვისაც", - განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
5 დეკემბერს, რადიო თავისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვიქტორ ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს კიდევ ერთი წერილით მიმართა.
14-15 დეკემბერს დაგეგმილი ევროკავშირის ლიდერთა სამიტის წინ ორბანმა მიშელს მიწერა, რომ ევროპული საბჭოს შეხვედრაზე, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი "უსაფუძვლოა - პოლიტიკური და ტექნიკური მომზადების დღეს არსებული დონის გათვალისწინებით".
8 ნოემბერს, ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. 15 დეკემბერს, სამიტზე გახდება ცნობილი, მიენიჭება თუ არა საქართველოს ოფიციალურად კანდიდატის სტატუსი.