"თქვენ ძალიან თვითკმაყოფილებით გამოირჩევით, ბატონო ირაკლი" - ასე მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა, მაია კოპალეიშვილმა ქართული ოცნების თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის არსებითი განხილვის ფარგლებში.
ირაკლი კობახიძემ კოპალეიშვილს ასე უპასუხა: "დიდი მადლობა, ვაღიარებ, ამპარტავანიც ვარ".
ეს განცხადება მაია კოპალეიშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ქართული ოცნების თავმჯდომარემ განაცხადა: "ბოდიში, რომ სწორად მიმყავს პროცესი", რაზეც კოპალეიშვილმა უპასუხა, რომ "საზოგადოება შეაფასებს, სწორად მიჰყავს თუ არა [იმპიჩმენტის] პროცესი".
უკვე მესამე დღეა, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების განხილვა გრძელდება.
საქმეს პლენუმი განიხილავს. პრეზიდენტი პროცესს არ ესწრება. მისი წარმომადგენლები კი თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი არიან.
გადაწყვეტილების მისაღებად პლენუმს 2 კვირა აქვს. თუ საკონსტიტუციო სასამართლო სალომე ზურაბიშვილის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევას დაადგენს, პოლიტიკური პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს.
პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საჭიროა პარლამენტის 2/3, ანუ 100 დეპუტატის ხმა. ამ ეტაპისთვის ქართულ ოცნებას საჭირო მხარდაჭერა არ აქვს.
პირველ სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. მიზეზად პარტიაში მთავრობის უარის მიუხედავად, პრეზიდენტის ევროპაში გამგზავრება დაასახელეს, რითაც მან "უხეშად დაარღვია კონსტიტუცია".
30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.
№1797 კონსტიტუციურ წარდგინებაში განხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით.
კერძოდ, საუბარია სამ სამუშაო ვიზიტზე: 2023 წლის 31 აგვისტოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, 2023 წლის 1 სექტემბერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და 2023 წლის 6 სექტემბერს საფრანგეთის პრეზიდენტთან.