უნგრეთს რუსეთსა და უკრაინას შორის დიალოგის განახლების შემთხვევაში, შუამავლის როლის შესრულება სურს.
ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ რუსულ პროპაგანდისტულ მედია Ria Novosti-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"უნგრეთი მზადაა, სურვილის შემთხვევაში, მოსკოვისა და უკრაინის წარმომადგენლებს მოლაპარაკებებისთვის უმასპინძლოს", - აღნიშნა მან.
სიიარტოს თქმით, ოფიციალური ბუდაპეშტი მხარს არ დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-12 პაკეტს, თუ ის მრეწველობის, გაზის, ნავთობისა და ბირთვულ სექტორებს მოიცავს.
გუშინ, ბრიუსელში სამიტზე, უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა თქვა, რომ უკრაინის მიმართ ევროკავშირის სტრატეგიამ მარცხი განიცადა და უკრაინელები ფრონტის ხაზზე ვერ გაიმარჯვებენ.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მოლაპარაკებების დაწყება მხოლოდ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების დაბრუნების შემდეგ იქნება შესაძლებელი. ამასთან, ზელენსკი აღნიშნავს, რომ სხვა შემთხვევაში, მოლაპარაკებები არ გაიმართება.
მედიის ცნობით, უკრაინამ პუტინთან მოლაპარაკებაზე ოფიციალურად უარი განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განკარგულებას ხელი 4 ოქტომბერს მოაწერა.