უხვი ნალექის გამო ჯორჯიან მანგანეზი ჭიათურაში 4 მაღაროს დროებით ხურავს

უხვი ნალექის გამო ჯორჯიან მანგანეზი ჭიათურაში 4 მაღაროს დროებით ხურავს

ჯორჯიან მანგანეზი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ჭიათურაში ოთხი მოქმედი მაღაროს დროებით დახურვა უწევთ.

განცხადებაში კომპანია განმარტავს, რომ უხვმა ნალექმა ე.წ ვაკე-ტყეების მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპრალები წარმოშვა, რასაც სპეციალისტები შეაფასებენ.

"ქვეყანაში მეტეოროლოგიური პირობების მკვეთრად გაუარესებამ სამთომოპოვებით ობიექტებზე უსაფრთხოების რისკები გააჩინა, რის გამოც კომპანია ჯორჯიან მანგანეზმა მიიღო გადაწყვეტილება, დროებით დახუროს ჭიათურაში მოქმედი ოთხი მაღარო. კერძოდ, უხვმა ნალექმა ე.წ ვაკე-ტყეების მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპრალები წარმოშვა.

ზემოთ აღნიშნული მოვლენების შედეგად წარმოქმნილ რისკებს სპეციალურად მოწვეული გეოლოგები შეაფასებენ. ​ თანამშრომელთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მაღაროების დახურვა პრევენციული ხასიათისაა. პროცესების შესწავლისა და უსაფრთხოების შესაძლო რისკებთან დაკავშირებული რეკომენდაციების მიღებამდე სამუშაო პროცესი შეჩერდება"- ნათქვამია განცხადებაში.

***

გასულ დღეებში სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზარალა დასავლეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონი. ბაღდათის რაიონის სოფელ ნერგეეთში 7 თებერვალს ჩამოწოლილ მეწყერს 9 ადამიანი ემსხვერპლა. 6 თებერვალს ხულოში ზვავის, ხოლო ქედაში მეწყრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.