
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მორიგი შეხვედრა 23 ივლისს არის დაგეგმილი.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვის დროს განაცხადა. შეხვედრა კვლავ სტამბოლში გაიმართება.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა რუსტემ უმეროვმა მასთან უკვე განიხილა აღნიშნული შეხვედრის საკითხი, თუმცა მეტი დეტალი ხვალ გახდება ცნობილი.
უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის ბოლო, რიგით მეორე შეხვედრა სტამბოლში 2 ივნისს გაიმართა.
უკრაინის დელეგაციას თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობდა. დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ალექსანდრ ბევზი, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე სერგეი კისლიცია და სამხედრო ძალების წარმომადგენლები.
რუსეთის დელეგაციას კი ვლადიმერ მედინსკი ხელმძღვანელობდა. მასთან ერთად მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი, გენშტაბის დაზვერვის ხელმძღვანელი იგორ კოსტიუკოვი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინი.
ამ შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ რუსული და უკრაინული მხარეები სამხედრო ტყვეთა გაცვლის ახალ ტალღაზე შეთანხმდნენ.