საბერძნეთი გახდა მე-14 ქვეყანა, რომელიც შეუერთდა დიდი შვიდეულის წევრი სახელმწიფოების დეკლარაციას უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით. ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა.
Telegram-ზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ საბერძნეთს და ქვეყნის პრემიერმინისტრს მადლობა გადაუხადა, მოგვიანებით კი, ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით თითოეული ქვეყნის როლზე ისაუბრა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა და ყველა ქვეყანა, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში მუშაობს, "აგრესორ ქვეყანას სწორ სიგნალს უგზავნის".
უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დეკლარაციას საბერძნეთის გარდა ბელგია, ჩეხეთი, დანია, ფინეთი, ისლანდია, ირლანდია, ლატვია, ნიდერლანდები, ნორვეგია, პორტუგალია, რუმინეთი, ესპანეთი და შვედეთი აწერენ ხელს.