უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის, ოლექსანდრ სირსკის განცხადებით, უკრაინელი ჯარისკაცები 3 დღეა დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის მიმართულებით წინ მიიწევენ.
"ძვირფასო ძმებო, ძვირფასო გმირებო, დღეს თქვენ წერთ ისტორიას. ჩვენი ომის კიდევ ერთ გვერდს, რომელიც ზუსტად 3 დღის წინ დაიწყო, როდესაც შეტევაზე გადავედით. თქვენი ქმედებებით, თქვენ მთლიანი რუსეთის არმია ჩიხში მოაქციეთ, რადგან რუსებმა არ იციან, სად ხდება თავდასხმა, სად არის ჩვენი მთავარი დარტყმის მთავარი ადგილები და რა ხდება ბახმუტთან, რომელსაც ისინი უკვე თავისად მიიჩნევდნენ და რომელიც მართლაც ალყაში იყო მოქცეული. ახლა სიტუაცია სრულიად განსხვავებულია", - თქვა უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა.
სირსკი ამბობს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან წარმატებული შეტევითი ოპერაციების ჩატარებას აგრძელებენ. მისი თქმით, ბახმუტის დამცველები "აქტიური თავდაცვის პრინციპს" იყენებენ, რითაც მტრის გეგმებს ანადგურებენ.
უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური აღნიშნავს, რომ ბახმუტის მიმართულებით უკრაინელი ჯარისკაცები ფრონტის ზოგიერთ რაიონში წინ მიიწევენ. ამასთან, მან თქვა, რომ მტერი სამხედრო აღჭურვილობას და ცოცხალ ძალას კარგავს.