უკრაინის სახმელეთო ჯარები: ბახმუტის მიმართულებით წინ მივდივართ და მტერს ვანადგურებთ

უკრაინის სახმელეთო ჯარები: ბახმუტის მიმართულებით წინ მივდივართ და მტერს ვანადგურებთ

უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის, ოლექსანდრ სირსკის განცხადებით, უკრაინელი ჯარისკაცები ბახმუტის მიმართულებით წინ მიდიან და მტერს ანადგურებენ.

"ბახმუტის შემოგარენი. თავდაცვის ძალები აგრძელებენ წინსვლას და მტრის განადგურებას. დიდება უკრაინას", - თქვა უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა.

The Wall Street Journal-ის ცნობით, ქალაქზე ხანგრძლივი იერიშის შემდეგ, რუსული ძალები გამოფიტული არიან და წინსვლის ძალა არ შესწევთ, რის გამოც ისინი დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის აღებას ვერ შეძლებენ. ამის პარალელურად, ბახმუტში რუსები გადაჯგუფდებიან. ქალაქში რუსეთის ფედერაციის საჰაერო-სადესანტო ჯარები შედიან, რათა ვაგნერელები შეცვალონ.

გუშინ, უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა განაცხადა, რომ უკრაინული არმიის ქვედანაყოფები მტკიცედ იკავებენ პოზიციებს და მტრის ყველა შეტევას იგერიებენ. ამასთან, მან აღნიშნა, რომ უკრაინის არმია მალე გადავა აქტიურ შეტევით მოქმედებებზე.