საქართველოში უკრაინის საელჩო განცხადებას აქვეყნებს და 2024 წლის 17 მარტს რუსეთის ფედერაციაში არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოში მედიის წარმომადგენლებს მიმართავს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი "იმიტირებულ არჩევნებში", რომელსაც მათ შორის უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამართავს, უცხოურ მედიასა და ე.წ. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას მოიწვევს. საელჩოს თქმით, ადგილზე ვიზიტი დაუშვებელია.
საელჩოში აცხადებენ, რომ პირებისთვის, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ რუსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების გაშუქებაში უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული.
"როგორც ყველასთვის ცნობილია, 2024 წლის 17 მარტს რუსეთის ფედერაციაში საპრეზიდენტო არჩევნების მორიგი იმიტაცია გაიმართება.
რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაყალბებისთვის მზადების ფონზე, კრემლი შეეცდება დაარწმუნოს მსოფლიო საზოგადოება ელექტორალური პროცესის დემოკრატიულ ხასიათში, მათ შორის უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე უცხოური მედიის და ე.წ. საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევის გზით.
უკრაინული მხარე ხაზს უსვამს, უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვიზიტის დაუშვებლობას და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის უსაფრთხოების გარანტიების არარსებობას, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის ფედერაციაში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების გაშუქებაში.
ასევე გაცნობებთ, რომ ასეთი პირებისთვის გათვალისწინებულია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად", - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს არის დანიშნულირუსეთის ცესკო-ში ამბობენ, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დისტანციური ხმის მიცემა საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლებისთვის გათვალისწინებული არ არის.
თარიღის გამოცხადების შემდეგ განცხადება გააკეთა პუტინის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა, რომელიც ამბობს, რომ არჩევნებში რუსეთის ამჟამინდელ პრეზიდენტს "კონკურენციას ვერავინ გაუწევს".
"თუ ვივარაუდებთ, რომ პრეზიდენტი წარადგენს თავის კანდიდატურას, მაშინ, აშკარაა, რომ ჩვენს ქვეყანაში, ამ ეტაპზე, მას ვერავინ გაუწევს კონკურენციას", - თქვა პესკოვმა.