უკრაინის გენშტაბი: ყველაზე რთული ბრძოლები ბახმუტსა და მარინკაში მიმდინარეობს

უკრაინის გენშტაბი: ყველაზე რთული ბრძოლები ბახმუტსა და მარინკაში მიმდინარეობს

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში ფრონტის ხაზზე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა; მძიმე ბრძოლები გრძელდება ბახმუტსა და მარინკაში, რუსები ცდილობენ წინსვლას ავდიივკას მიდამოებშიც.

"მოწინააღმდეგე ძირითად ძალისხმევას მიმართავს ბახმუტის, ავდეევკასა და მარინკას მიმართულებით შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე. გასული დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა მტრის 38 შეტევა მოიგერიეს ფრონტის აღნიშნულ მონაკვეთებში. ყველაზე რთული ბრძოლები ბახმუტსა და მარინკაში მიმდინარეობს", - აღნიშნავს გენშტაბი.

უშუალოდ ბახმუტთან დაკავშირებით გენშტაბი წერს, რომ იქ ბრძოლები მიმდინარეობს და არ შედის დეტალებში. რუსული თავდასხმები ბახმუტის ჩრდილო-დასავლეთით და სამხრეთით, ანუ ქალაქის გარნიზონის გარშემო ჩაკეტვის მცდელობები, მოხსენების თანახმად, მოიგერიეს.