უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით მტრის 60 თავდასხმა მოიგერიეს.
უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა S-300 საჰაერო თავდაცვის სისტემიდან 25 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს მშვიდობიან ქალაქებზე ზაპოროჟიესა და კამიშევახაზე, ზაპოროჟიეს ოლქში და სნიგურივკაზე მიკოლაივის ოლქში.
გარდა ამისა, მტერმა 42 ავიადარტყმა განახორციელა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებსა და დასახლებების ინფრასტრუქტურას ცეცხლი 46-ჯერ გაუხსნა.
"არიან დაღუპულები და დაჭრილები მშვიდობიან მოსახლეობაში. დანგრეული და დაზიანებულია მრავალსართულიანი და კერძო საცხოვრებელი სახლები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, საავადმყოფოები, ეკლესიები", - აცხადებენ გენშტაბში.
გენშტაბის ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინელები აგრძელებენ ქალაქ ბახმუტისთვის ბრძოლას. "ბახმუტის მიმართულებით რუსები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციების ჩატარებას. ქალაქ ბახმუტისთვის ბრძოლები არ წყდება".
გენერალური შტაბის ცნობითვე, რუსულმა ძალებმა, ზაპოროჟიესა და ხერსონის მიმართულებით, 40-ზე მეტი დასახლება დაბომბეს. მათ შორისა ქალაქი ხერსონი.