
უკრაინის გენერალური შტაბი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს კურსკის ოლქში უკრაინული დანაყოფები ალყაში მოექცნენ. მათი განცხადებით, ეს რუსული დეზინფორმაციის კამპანიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს პოლიტიკური ზეწოლის მოხდენას უკრაინასა და მის პარტნიორებზე.
"უკრაინული ნაწილების სავარაუდო "ალყაში მოქცევის" შესახებ გავრცელებული ცნობები სიმართლეს არ შეესაბამება და რუსეთის მიერ პოლიტიკური მანიპულაციისა და ზეწოლის მიზნით არის შექმნილი", – ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.
გენშტაბის ინფორმაციით, კურსკის მიმართულებაზე ოპერატიული ვითარება საგრძნობლად არ შეცვლილა. უკრაინულმა ძალებმა წარმატებული გადაჯგუფება განახორციელეს, უფრო ხელსაყრელ თავდაცვით ხაზებზე გადაინაცვლეს და ამჟამად დავალებული ოპერაციული ამოცანების შესრულებას აგრძელებენ.
ბოლო 24 საათის განმავლობაში კურსკის სექტორში 13 სამხედრო შეტაკება დაფიქსირდა. უკრაინელი მებრძოლები წარმატებით იგერიებენ მტრის შეტევებს და ყველა სახის შეიარაღებით მძიმე ზარალს აყენებენ საოკუპაციო ძალებს.
ამ განცხადებას წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებების შესახებ. ტრამპმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს "მტკიცედ სთხოვა", რომ დაინდოს რუსეთის ჯარების მიერ "მთლიანად გარშემორტყმული" უკრაინელი ჯარისკაცების სიცოცხლე.