უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის, ანდრეი იუსოვის განცხადებით, კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერს არ გააჩნია საკმარისი ძალა, რომ პოლონეთს საფრთხე შეუქმნას.
"ვაგნერელთა ჯგუფს არ გააჩნია საკმარისი ძალა და საშუალება, რომ რეალურად, საფრთხე შეუქმნას პოლონეთს", - თქვა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა.
გუშინ, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ვაგნერის მებრძოლებს "დასავლეთით უნდათ წასვლა". ამის შესახებ ლუკაშენკომ რუსეთში, პუტინთან შეხვედრისას განაცხადა. ლუკაშენკოს თქმით, ვაგნერის მებრძოლები ვარშავისა და ჟეშუვისკენ ითხოვენ წასვლას და მათ შესაჩერებლად პუტინს დახმარებას სთხოვს.
1 ივლისს, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ კერძო სამხედრო კომპანიის, ვაგნერის მებრძოლები ქვეყანაში მიიწვია და მისი სამხედროების მომზადება სთხოვა. 14 ივლისს კი ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ვაგნერელებმა მათი სამხედროების წვრთნები დაიწყეს.
24 ივნისს, რუსეთში კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ლიდერი, ევგენი პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. 24 საათზე ნაკლებ დროში მისმა სამხედრო კოლონამ თითქმის მოსკოვამდე მიაღწია, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა.
მოგვიანებით, კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდა და ის ბელარუსში გაემგზავრა.