უკრაინის დაზვერვა: რუსეთში ყოველთვიურად 20 000-მდე მოქალაქის მობილიზება ხორციელდება

უკრაინის დაზვერვა: რუსეთში ყოველთვიურად 20 000-მდე მოქალაქის მობილიზება ხორციელდება

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის, ანდრეი იუსოვის განცხადებით, რუსეთში ყოველთვიურად 20 000-მდე მოქალაქის მობილიზება ხორციელდება.

"რუსეთში სრულფასოვანი სამობილიზაციო კამპანია და ღონისძიებები გრძელდება. ეს ღონისძიებები გრძელდება როგორც ყოველდღიურად, ასევე ყოველთვიურად. ყოველთვიურად რამდენიმე ათეული, დაახლოებით 20 000 მოქალაქის მობილიზება ხორციელდება", - თქვა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა და აღნიშნული ქმედება "რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელ ნაბიჯად" მოიხსენია.

28 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია დასრულდა. როგორც შოიგუმ აღნიშნა, სულ 300 000 კაცის მობილიზაცია მოხდა, რომელთა საშუალო ასაკი 35 წელია.