
უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო დრონების მე-20 ცალკეული პოლკის ინფორმაციით, სივერსკის მიმართულებაზე ტყვედ აიყვანეს კამერუნის ორი მოქალაქე, რომლებიც რუსეთის მხარეს იბრძოდნენ.
როგორც RBC-Ukraine წერს, დაკავებულებმა ვიდეომიმართვაში განაცხადეს, რომ რუსეთში ჩავიდნენ „შამპუნის დასამზადებლად“ და „კბილების სამკურნალოდ“, თუმცა მოსკოვის აეროპორტში მათ როგორც „რუსი ქვეითების იაფფასიან შემცვლელებს“, ისე მოექცნენ.
გამოცემის ცნობით, ტყვეების თქმით, მათ კარგად ესმოდათ, რომ საბოლოოდ სამხედრო დანაყოფში მოხვდნენ, თუმცა გაწვევის სანაცვლოდ დაპირებული 1.1 მილიონი რუბლი (დაახლოებით 14 000 დოლარი) მნიშვნელოვნად ნაკლები იყო იმ თანხაზე, რასაც რუსეთი საკუთარ მოქალაქეებს უხდის.
უკრაინის არმიის ინფორმაციით, კამერუნელები დააკავეს K-2 ბატალიონის მებრძოლებმა, ტერიტორიული თავდაცვის ძალების 118-ე პოლკთან და პირველ მსროლელთა და მექანიზებულ ბატალიონებთან თანამშრომლობით. ტყვეები K-2 პოლკის მედია ჯგუფს ინტერვიუზე დათანხმდნენ.