უკრაინის საგამოძიებო სახელმწიფო სამსახურმა 2014 წლის 14-18 თებერვალს აქციის დემონსტრანტთა დარბევისა და მკვლელობის ორგანიზებაზე დაწყებული გამოძიება დაასრულა. უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს, ვიქტორ იანუკოვიჩსა და ძალოვანი სტრუქტურების ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალდება წარედგინათ, საბრალდებო დასკვნა კი სასამართლოს გადაეგზავნა.
უწყების ცნობით, იანუკოვიჩის გარდა ბრალდებულებს შორის არიან უკრაინის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, უკრაინის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის იმჟამინდელი უფროსის მოადგილე და სხვები.
გამოძიების თანახმად, 18-დან 20 თებერვლამდე ბრალდებულებმა გასცეს ბრძანებები და მიიღეს გადაწყვეტილებები სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ იარაღის, სამხედრო ტექნიკისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ, დემონსტრანტების დარბევის მიზნით, მაშინ, როცა ამის შესაბამისი საფუძველი არ არსებობდა.
ჩამოთვლილ პირებს ბრალად ედებათ აქციისთვის უკანონოდ ხელის შეშლა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, განზრახ მკვლელობები, მკვლელობის მცდელობები, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, ასევე, ტერორისტული აქტის მოწყობა.
"ყოფილი პრეზიდენტის და ყოფილი სამართალდამცავების მსგავსმა ქმედებებმა გამოიწვია მასობრივი მსხვერპლი კიევის ცენტრალურ ნაწილში საპროტესტო აქციების მონაწილეთა შორის, მათ შორის 67 მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვა. სულ დაშავდა 887 ადამიანი და 132 სამართალდამცველი. მიყენებული იქნა 16 მილიონ გრივნაზე მეტი ოდენობის ქონებრივი ზიანი", - აცხადებენ საგამოძიებო უწყებაში.
უწყების განცხადებით, დანაშაულებს ხანდაზმულობის ვადა არ აქვს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება ტრაგიკულ მოვლენებს, რომელიც ქვეყნის უახლესი ისტორიის საფუძველი გახდა.