უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური ოპერაციების სარდლობაში აცხადებენ, რომ 22 სექტემბერს, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშს შავი ზღვის ფლოტის მეთაური, ადმირალი ვიქტორ სოკოლოვი ემსხვერპლა.
სპეციალური ოპერაციების სარდლობაში აცხადებენ, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 34 ოფიცერი დაიღუპა, 100-ზე მეტი ოკუპანტი სამხედრო კი დაშავდა.
რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე თავდასხმა 22 სექტემბერს განხორციელდა. ადგილზე მყოფების მიერ გავრცელებული ვიდეოების თანახმად, შტაბს, სულ მცირე, ორი რაკეტა მოხვდა.
23 სექტემბერს უკრაინის დაზვერვაში განაცხადეს, რომ თავდასხმის შედეგად დაშავებულებს შორის იყვნენ რუსი გენერალ-პოლკოვნიკი რომანჩუკი და შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ცეკოვი.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის დაზვერვა არ საუბრობს, რომელი იარაღი გამოიყენეს თავდასხმისთვის, The Sky News-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეტევა განხორციელდა ბრიტანული Storm Shadow რაკეტებით.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ არ ავრცელებდა. თავდასხმის შემდეგ, უწყებამ განაცხადა, რომ ერთი რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, თუმცა შემდეგ ინფორმაცია შეცვალა და თქვა, რომ ის დაკარგულად მიიჩნიეს.