უკრაინა ოტავის კონვენციიდან გასვლას იწყებს – ზელენსკიმ ბრძანებას ხელი მოაწერა

უკრაინა ოტავის კონვენციიდან გასვლას იწყებს – ზელენსკიმ ბრძანებას ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც ქვეყანა ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის შესახებ 1997 წლის ოტავის კონვენციიდან გასვლის პროცედურას იწყებს.

დოკუმენტი, რომელიც ნაღმების წარმოებას, შენახვასა და გამოყენებას კრძალავს, რუსეთისთვის არასოდეს იყო სავალდებულო. კიევი გადაწყვეტილებას ომის პირობებით ხსნის – როგორც უკრაინის დეპუტატმა რომან კოსტენკომ განაცხადა, „ვერ ვიქნებით შეზღუდულები, როდესაც მოწინააღმდეგეს არანაირი შეზღუდვები არ აკავებს“.

ბრძანებას ძალაში შესასვლელად მხარი უნდა დაუჭიროს უკრაინის პარლამენტმა. პრეზიდენტის ვებსაიტზე დოკუმენტი ჯერჯერობით გამოქვეყნებული არ არის.

უკრაინის მსგავსად, ოტავის ხელშეკრულების დატოვება უკვე განაცხადეს ლიეტუვამ, ესტონეთმა, ლატვიამ, ფინეთმა და პოლონეთმა. ქვეყნების განცხადებით, რუსეთის აგრესიამ აჩვენა, რომ საერთაშორისო შეთანხმებები ვერ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას. ხელშეკრულება ოფიციალურად წყდება გაეროს ინფორმირებიდან ექვსი თვის შემდეგ.