უკრაინა: არ ვართ დაინტერესებული კურსკის ოლქში ტერიტორიის წაღებით, გვსურს ჩვენი ხალხის დაცვა

უკრაინა: არ ვართ დაინტერესებული კურსკის ოლქში ტერიტორიის წაღებით, გვსურს ჩვენი ხალხის დაცვა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინა არ არის დაინტერესებული რუსეთის ტერიტორიის წაღებით, არამედ სურს, დაიცვას საკუთარი ხალხი.

უწყების განცხადების თანახმად, შეტევა მაშინ შეჩერდება, როდესაც რუსეთი მშვიდობას დათანხმდება.

"რუსეთის ფედერაციისგან განსხვავებით, ჩვენ სხვისი არაფერი გვინდა. უკრაინა არ არის დაინტერესებული კურსკის ოლქში ტერიტორიის წაღებით, გვინდა ჩვენი ხალხის სიცოცხლის დაცვა.

უკრაინის შეიარაღებული ძალები ცივილიზებული ევროპული სამხედრო ძალაა, რომელიც სრულად იცავს ომის წესებსა და კანონებს, საერთაშორისო სამართალს. უკრაინის არმიის მიზანი მხოლოდ და მხოლოდ სამხედრო ხასიათისაა. [...]

რაც უფრო მალე დათანხმდება რუსეთი მშვიდობის აღდგენას, მით უფრო მალე შეჩერდება უკრაინის შეტევები რუსეთის ტერიტორიაზე. სანამ პუტინი ომს განაგრძობს, ის უკრაინისგან ასეთ პასუხებს მიიღებს", - ამბობს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი.

***

პირველი ცალკეული შეტყობინებები იმის შესახებ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში გადავიდნენ 6 აგვისტოს გაჩნდა.

კურსკის ოლქის ხელმძღვანელმა ალექსეი სმირნოვმა 7 აგვისტოს დილით განაცხადა, რომ რეგიონი "გმირულად ეწინააღმდეგება უკრაინელ ნაცისტებს".

6 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სასაზღვრო რაიონის დასახლებებს ნიკოლაევო-დარინოსა და ოლეშნიას უკრაინის შეიარაღებული ძალების 300 სამხედრო დაესხა თავს, 11 ტანკისა და 20-მდე სამხედრო მანქანის დახმარებით. უწყებაში განაცხადეს, რომ ბრძოლების შედეგად უკრაინის 16 ერთეული ჯავშანტექნიკა გაანადგურეს. ამავე დღეს საღამოს კი სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინულმა დანაყოფმა, რომელიც კურსკის ოლქში შეჭრას ცდილობდა, უკან დაიხია. მოგვიანებით ეს განცხადება წაიშალა.

უკვე 7 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამით რუსმა სამხედროებმა უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურებთან ერთად "განაგრძეს უკრაინის შეიარაღებული ფორმირებების განადგურება, რომლებიც უშუალოდ რუსეთი-უკრაინის საზღვარზე მიმდებარედ იყვნენ".

12 აგვისტოს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში დაახლოებით 20-ზე მეტი კადიროველი ტყვედ აიყვანეს.