რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი აცხადებს, რომ ქართულ ოცნებაში დონალდ ტრამპზე "ყოვლად მცდარი წარმოდგენები" აქვთ. ამაზე მან რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ისაუბრა.
უილსონი ამბობს, რომ ტრამპი უჭერს ისეთ ლიდერებს, როგორიცაა პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომელიც ომის დამნაშავე პუტინის წინააღმდეგ იმაღლებს ხმას.
ჟურნალისტმა კონგრესმენს ჰკითხა: საინტერესოა, რომ ქართულ ოცნებაში მაინც ფიქრობენ, რომ მოახერხებენ და საერთო ენას გამონახავენ ტრამპის ადმინისტრაციასთან, რაღაც გარიგებას მოახერხებენ ამ პრობლემური ურთიერთობის მოსაგვარებლად. როგორ ფიქრობთ, მაინც რაზე სდებენ ფსონს?
"ვფიქრობ, მათ ყოვლად მცდარი წარმოდგენები აქვთ დონალდ ტრამპზე. ის თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდამჭერია და მხარს უჭერს ისეთ ლიდერებს, როგორიცაა პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომელიც ომის დამნაშავე პუტინის წინააღმდეგ იმაღლებს ხმას. მართალია, ტრამპი მოლაპარაკების მომხრეა, მაგრამ როცა ხედავს, რომ შეთანხმება ვერ შედგება, გადამწყვეტად მოქმედებს. 2020 წელს, სპიკერ მაიკ ჯონსონთან და [ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის] ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ მაიკ უოლცთან ერთად, რესპუბლიკური კვლევითი კომიტეტის მეშვეობით გამოვაქვეყნეთ ანგარიში, რომელიც ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვდა. და, როგორც იქნა, ბაიდენის ადმინისტრაციამ ეს ნაბიჯი გადადგა.
შეიქმნა განწყობა, სადაც ისმის კითხვები საქართველოს დღევანდელი მთავრობის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით, მათ აღიქვამენ, როგორც პუტინის გავლენის გამავრცელებელ ძალას. ჩვენ ვნახეთ, რომ პუტინს ხელი მოეცარა მოლდოვასა და რუმინეთში, და დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ მარცხს იგემებს საქართველოშიც. სირიაშიც ხელი მოეცარა, მისი გლობალური წარუმატებლობების სია თანდათან იზრდება, სამწუხაროდ, მხოლოდ ქართულ ოცნებასთან“ გამოუვიდა და მიაღწია წარმატებას- აცხადებს უილსონი.
მისივე თქმით, ივანიშვილსა და მისი გარემოცვაზე დაწესებული სანქციები მხოლოდ დასაწყისია და ეს პროცესი გაგრძელდება.
"დარწმუნებული ვარ ასევე, რომ სანქციებიც გაგრძელდება იმ ინდივიდების წინააღმდეგ, ვინც საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრის. პრეზიდენტი ტრამპი არასოდეს ერიდებოდა სანქციების გამოყენება-დაწესებას - ვფიქრობ, როგორც კი დაბრუნდება, განაახლებს სანქციებს თეირანის რეჟიმზე. მეტიც, ვფიქრობ, რომ ის დააწესებს მეორად სანქციებსაც, იმ ქვეყნებზე, რომლებიც თეირანთან თანამშრომლობენ, რადგან ამ რეჟიმმა ღიად გამოაცხადა ომი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ. დარწმუნებული ვარ, ის ამას უპასუხოდ არ დატოვებს"- განაცხადა უილსონმა.