ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თბილისი ყოფილი მერის, გიგი უგულავას საქმეზე რამდენიმე დარღვევა დაადგინა და კომპენსაციის სახით 10 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით:
უგულავა დაობდა 2014 წლის ივლისიდან 2015 წლის სექტემბრამდე ორი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის კანონიერების თაობაზე.
თუმცა, 2015 წლის 2 აპრილიდან 17 სექტემბრის ჩათვლით დაწესებული ვადა არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ დაეცვა განმცხადებელი თვითნებობისგან. გარდა ამისა, ხელისუფლებამ ვერ გაითვალისწინა დროის გასვლა და გარემოებების შეცვლა შემდგომი პატიმრობის გამოტანისას, 2015 წლის 18 თებერვლიდან დაწყებული, უგულავას ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე.
უგულავას წინააღმდეგ გამოძიება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე დაიწყო. 2013 წელს პროკურატურამ იმჟამინდელი დედაქალაქის მერის წინააღმდეგ რამდენიმე საქმე აღძრა, მათ შორის თბილსერვის ჯგუფისა და თბილისის განვითარების ფონდის საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავას ფულის გათეთრების საქმეზე წინასწარი პატიმრობა 2014 წლის ივლისის დასაწყისში შეუფარდა. პატიმრობის 9-თვიანი ვადა 2015 წლის აპრილში იწურებოდა, 16 მარტს კი სასამართლომ მას პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივა. წინა დღეს პროკურატურამ უგულავას ბრალი დაუმძიმა ერთ-ერთ საქმეზე, რომელიც რომელიც 2007 წელს ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ქონების სავარაუდოდ უკანონო ჩამორთმევას უკავშირდება.
თბილისის ყოფილმა მერმა წინასწარი პატიმრობის ხანგრძლივობის გამო საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. საკონსტიტუციომ დაადგინა, რომ წინასწარი პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს. გიგი უგულავა კი წინასწარ პატიმრობაში 14 თვეზე მეტ ხანს იმყოფებოდა. 2015 წლის 17 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გაათავისუფლა.
სტრასბურგის სასამართლოეს წარმოებაში აქვს გიგი უგულავას კიდევ ერთი სარჩელი. 2020 წლის 10 თებერვალს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, შალვა თადუმაძის გადაწყვეტილებით გიგი უგულავას 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა საქმეზე, რომელზეც სასჯელი მას ერთხელ უკვე მოხდილი ჰქონდა.
გადაწყვეტილება შალვა თადუმაძემ მიიღო, რომელიც უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ 2019 წლის დეკემბერში დაინიშნა. მანამდე ის გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა.
საქმე თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვის ბრალდებას ეხება. ამნისტიის შესახებ კანონის და იმის გათვალისწინებით, რომ უგულავა ციხეში ამ საქმეზე უკვე იჯდა, უგულავას საბოლოო სასჯელად 3 წლით, 2 თვით და 8 დღით პატიმრობა განესაზღვრა. იმავე დღეს უგულავა დააპატიმრეს.
გიგი უგულავამ საპატიმრო 2020 წლის 15 მაისს, პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე დატოვა.