ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განცხადებით, ლიბერთი ბანკთან საპენსიო სესხებთან დაკავშირებული ცვლილებების ამოქმედების თარიღისა და პროცედურების დასადგენად მუშაობენ. ამის შესახებ მან პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას ისაუბრა.
საუბარია ცვლილებაზე, რომლის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გუშინ გაავრცელა.
"ამიერიდან, გუშინ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, ბანკმა მზადყოფნა გამოხატა, რომ შეუმციროს ყველა 2023 წლის პირველ იანვრამდე საპენსიო სესხის ამღებს საპროცენტო განაკვეთი და მოაქციოს საერთო ჩარჩოში.
ჩვენ ახლა ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ ლიბერთი ბანკთან, კონკრეტულად, რა თარიღიდან ამოქმედდება ეს გადაწყვეტილება, როგორი სქემითა და პროცედურით, იმიტომ, რომ ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება შეეხება 150 ათასზე მეტ ადამიანს და უხარვეზოდ უნდა განხორციელდეს", - ამბობს თურნავა.
როგორც თურნავა განმარტავს, ძველ გრაფიკზე დაბრუნება სესხის განულებასა და პენსიონერებისთვის ფინანსური პირობების გაუმჯობესებას არ ნიშნავს.
"სამწუხაროდ, გავრცელდა სხვადასხვა უპასუხისმგებლო განცხადება, რომ თითქოს, ძველ გრაფიკზე დაბრუნება, რისი სრული უფლებაც აქვს პენსიონერს და ვალდებულება ბანკს, ნიშნავს სესხის განულებას, არა, მეგობრებო. ძველ გრაფიკზე დაბრუნება ნიშნავს ორმხრივ ქმედებას, ამ დროს ბანკი ვალდებულია, დააბრუნოს გადავადების პერიოდში დარიცხული პროცენტები, მაგრამ მსესხებელიც ვალდებულია, დააბრუნოს გადავადებული ძირი.
"ცალკეულ შემთხვევაში ეს ბალანსი არის კლიენტის სასარგებლოდ და ხდება სესხის განულება, ცალკეულ შემთხვევაში, ხდება სესხის გადახდის ძველი გრაფიკით გაგრძელება. აქედან გამომდინარე, ყველას ვთხოვ, რომ ნუ ვითამაშებთ ემოციებზე და როცა პენსიონერებზეა საუბარი, ემოციებზე თამაში ძალიან იოლია", - თქვა თურნავამ.
გუშინ, 22 თებერვალს მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება.
პრესსამსახურის ცნობით, გადაწყვეტილება პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავასა და ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის, ბექა გოჩიაშვილის შეხვედრაზე მიიღეს.
"ამ გადაწყვეტილებით, 150 000-ზე მეტ პენსიონერს, რომლებმაც სესხი აიღეს 2023 წლამდე, სესხის პროცენტი შეუმცირდებათ და გაუტოლდება იმ პროცენტს, რომელიც დაწესებულია 2023 წლიდან.
[...] საკითხის განხილვისას მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია დროულად დაიწყოს შემდეგი ეტაპი და პენსიონერებმა განახლებული პირობებით შეძლონ სარგებლობა", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.