ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ნიკა მელიას განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ მელიას განცხადებები ირაკლი კობახიძისა და სამთავრობო მედიების კამპანიას "ერთი ერთში" ემთხვევა.
"ვწუხვარ, ამ კონკრეტული ადამიანის გამო, რაც ახლა თქვენ წაიკითხეთ და მისი განცხადების გამო. ჩემდა სამწუხაროდ, საზოგადოება ამას უყურებს. ერთი ერთში ეს განცხადებები ასახავს რუსული პროპაგანდისტული არხების მიერ გაწეულ კამპანიას, ერთი ერთში ემთხვევა კობახიძის, ღარიბაშვილის, მდინარაძის პოსTv-ის და ტელეკომპანია იმედის თუ გნებავთ რუსთავი 2-ის ნარატივს. ვწუხვარ ამის გამო და საზოგადოება ვფიქრობ, თავად შეაფასებს ამ განცხადებას.
რაც არ უნდა დარწმუნებული ვიყო ობიექტურ ჭეშმარიტებაში, თუ ვხედავ, რომ რუსული პარტიის, კობახიძის, პოსTV-ის და იმედის ენით ვსაუბრობ, აუცილებლად დავფიქრდებოდი, რომ კარგ გზაზე არ ვდგავარ. შესაბამისად, მე მგონია, რომ ძალიან ცუდ გზას არის კონკრეტული ადამიანი და ადამიანთა წრე შემდგარი"- თქვა ხაბეიშვილმა.
შეკითხვაზე, განიხილება თუ არა ნიკა გვარამია ამ ბორდში, ხაბეიშვილმა ასე უპასუხა:
"ნიკა გვარამია იქნება უმნიშვნელოვანესი ფიგურა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში. მას გადაწყვეტილი აქვს პოლიტიკური აქტიურობა. მივესალმებით თუ არა ნაციონალურ მოძრაობაში ნიკა გვარამიას? - ცხადია, მივესალმებით. მივესალმებით თუ არა ნაციონალურ მოძრაობასთან ნიკა გვარამიას? - ცხადია, მივესალმებით. თუმცა, ცხადია, კონკრეტული ადამიანები საკუთარი მომავლის შესახებ თავად იღებენ გადაწყვეტილებას, ამიტომ არ ვიჩქაროთ და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, მე დარწმუნებული ვარ, რომ გვარამია იქნება იქ, სადაც იქნება ივანიშვილის რუსული რეჟიმის მარცხი"- თქვა ხაბეიშვილმა.
დღეს ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ნიკა მელიამ პარტიაში ბორდის შესაძლო შექმნასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ არ იქნება იქ, სადაც "არაფორმალური მმართველობა" იარსებებს.
"ჟურნალისტები მეკითხებიან პარტიაში ბორდის შექმნასა და მოლაპარაკებების არსებობა არარსებობაზე, რაზეც მინდა საჯაროდ ვთქვა ჩემი პასუხი:
არ და ვერ ვიქნები იქ, სადაც იქნება არაფორმალური მმართველობა, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მავნე გავლენა.
სადაც არსებობენ ეს ადამიანები, არსებობს საზოგადოებაში მათი უმძიმესი რეპუტაციული პრობლემები, სადაც არსებობს მათი გავლენა პროცესზე - მათი დრომოჭმული და საზოგადოებისგან აბსოლუტურად დაშორებული ხედვები, ვერასოდეს მოვა გამარჯვება", - თქვა მელიამ.
მან დაწერა, რომ გამოიყენებს "სწორ ადამიანებთან, სწორი მიზნის გარშემო ერთობის და გამარჯვებისათვის ბრძოლის ყველა შანსს". მისი თქმით, ნაციონალურ მოძრაობასთან ერთადერთი პირობა აქვს - "პარტიაში არაფორმალური მმართველობის დასრულება".
მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ფორმულასთან საუბრისას თქვა, რომ ინფორმირებული არ არის ნაციონალურ მოძრაობაში ბორდის შესაძლო შექმნასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე და აღნიშნავს, რომ ის არავის კადრი არ არის.