რუსი ოპოზიციონერი აქტივისტის და კრემლის კრიტიკოსის ვლადიმირ კარა-მურზას ცოლმა ორშაბათს განაცხადა, რომ კარა-მურზას დაატოვებინეს ციმბირის მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების კოლონია, რომელშიც ის სექტემბრიდან იმყოფებოდა და გაურკვეველ ადგილას გადაიყვანეს.
ეს ინფორმაცია ვლადიმირ კარა-მურზას მეუღლემ ევგენიამ X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) გაავრცელა და აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც მისი ქმრის მოწამვლის 2 მცდელობა ჰქონდათ, ვლადიმირ კარა-მურზას მძიმე ნერვული აშლილობა დაეწყო.
ის წერს, რომ სწორედ ნერვული აშლილობის დიაგნოზით გადაიყვანეს ვლადიმირ კარა-მურზა სამარტოო საკანში, 4 თვის განმავლობაში.
Reuters წერს, რომ ოპოზიციონერი ლიდერის ოჯახის წევრებმა და ადვოკატებმა მასთან კონტაქტი 2023 წლის დეკემბერში დაკარგეს. ამასთან, რუსეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ აკეთებენ კომენტარს ვლადიმირ კარა-მურზას ადგილსამყოფელთან დაკავშირებით.
რუს ოპოზიციონერ აქტივისტს, კრემლის კრიტიკოსს ვლადიმირ კარა-მურზას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა სახელმწიფოს ღალატისა და სხვა ბრალდებებისთვის, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის კრიტიკას უკავშირდება.
კარა-მურზა 2022 წლის 11 აპრილს, საკუთარ სახლთან დააკავეს. დაკავების მიზეზად პოლიციამ განაცხადა, რომ პოლიტიკოსი „პოლიციის ოფიცრების დანახვისას არასათანადოდ იქცეოდა, იცვლიდა გადაადგილების ტრაექტორიას და [პოლიციის მხრიდან] გაჩერების მოთხოვნის შემდეგ მიმალვა სცადა".