ოკუპირებული ცხინვალში განიხილავენ, რომ ბელარუსის პარლამენტს ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების თხოვნით მიმართონ. ამის შესახებ დე ფაქტო პარლამენტის სხდომაზე იმსჯელეს.
ბელარუსის პარლამენტისთვის მიმართვის წინადადებით გამოვიდა ალან ტეხოვი, ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე.
"ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, თუ ადრე რაღაც პოლიტიკური შედეგები უშლიდა ხელს, მათ შორის სანქციები, დღეს ისინი უკვე არის. რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ საკითხზე თავისი ხაზით უნდა იმუშაოს", - აღნიშნა დეპუტატმა.
ეს საკითხი დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარემ ალან ალბოროვმა საგარეო პოლიტიკისა და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეს ზაზა დრიაევს შემდგომი განხილვებისთვის გადასცა.
2021 წელს ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ახსნა, რატომ არ აღიარა ოკუპირებული ცხინვალი და აფხაზეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად. მისი სიტყვებით, დასავლეთი მინსკს დამატებითი სანქციებით ემუქრებოდა, მოსკოვმა კი უარი თქვა ეკონომიკური ზარალის კომპენსაციაზე.
2022 წლის სექტემბერში ავტორიტარი ლიდერი ბიჭვინთაში ჩავიდა, სადაც აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერს, ასლან ბჟანიას შეხვდა. მიმდინარე წლის თებერვალში ლუკაშენკომ ბჟანია მინსკში მიიღო.