ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ცნობით, ე.წ სახელმწიფო საზღვრის დაცვის მიზნით უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ მესაზღვრეებს იარაღის გამოყენების უფლება ექნებათ.
ცხინვალის ე.წ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RES-ის ცნობით, ე.წ სახელმწიფო საზღვრისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მიზნით იარაღისა და სამხედრო შეიარაღების გამოყენების პროცედურაში ცვლილებები შეიტანეს.
ახალი დოკუმენტის მიხედვით, "სახელმწიფო საზღვრის დაცვისას ახლა შესაძლებელი იქნება უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ იარაღის გამოყენება".
თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის KGB-ის სასაზღვრო დაცვის სამსახურის წარმომადგენლის ვალერი ალიხანტის თქმით, საქართველოსთან ე.წ საზღვარზე დრონების გამოყენება გახშირებულია.
"ამჟამად უპილოტო საფრენი აპარატებს, როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო სფეროებში მზარდი გამოყენება მოეძებნებათ. სამხრეთ ოსეთის საქართველოსთან საზღვარი არაა გამონაკლისი, როგორც ამას სამხილები აჩვენებს, უპილოტო საფრენი აპარატები უფრო ხშირად გამოიყენება მეზობელ სახელმწიფოში" - წერია სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოში.
გამოცემის ცნობით, დოკუმენტი აკონკრეტებს უპილოტო საფრენი აპარატების და საჰაერო სისტემების - ვერტმფრენებისა და თვითმფრინავების წინააღმდეგ იარაღის გამოყენების პროცედურას.
ახალი კანონის მიხედვით, სასაზღვრო ძალებს უფლება ექნებათ, რომ ლეგალურად გამოიყენონ იარაღები და სამხედრო აღჭურვილობა, რათა შეაჩერონ "სახელმწიფო საზღვრის დარღვევის მცდელობები", რაც მათი თქმით, მესაზღვრეებს შესაძლებლობას მისცემს, "სრულად უზრუნველყონ საზღვრის უსაფრთხოება".