ცესკო ირწმუნება, რომ ბიულეტენები სქელი იყო

ცესკო ირწმუნება, რომ ბიულეტენები სქელი იყო

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ირწმუნებიან, რომ საარჩევნო ბიულეტენები სქელი იყო. ცოტა ხნის წინ ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე თქვეს, რომ ბიულეტენები "მაღალი გრამაჟის ობსეტურ ქაღალდზე დაიბეჭდა".

ისინი ირწმუნებიან, რომ მანიპულაციაა სოციალურ ქსელში არაერთი მომხმარებლის მიერ გავრცელებული ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ხმის მიცემის შემდეგ მარკერი ბიულეტენის მეორე მხარეს კვალს ტოვებდა, რითაც ხმის მიცემის ფარულობა ირღვეოდა. ამაზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიებიც.

"საზოგადოების ზუსტი ინფორმირების მიზნით გვინდა გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელსა და მედიაში გავრცელებულ რამდენიმე მანიპულაციურ ინფორმაციას, რომელსაც დაინტერესებული მხარეები საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის მიზნით იყენებენ. სოციალურ ქსელებში და მედია საშუალებებში აქტიურად ვრცელდება ვიდეო და ფოტო ე.წ. მტკიცებულებები, რომლებიც მათი გამვრცელებლების მოსაზრებით, წარმოადგენს საარჩევნო პროცესში არასწორი ჩარევის ან ხმის ფარულობის წინასწარი განზრახვით დარღვევის ფაქტებს.

უნდა აღვნიშნოთ, რომ ბიულეტენები დაიბეჭდა მაღალი გრამაჟის ობსეტურ ქაღალდზე, რომელიც გაცილებით სქელია, ვიდრე ეს იყო 2021 წლის არჩევნებზე კრწანისის ოლქში გამოყენებული ბიულეტენების შემთხვევაში. ასევე, ბიულეტენები დაიბეჭდა შესაბამისი წესით შერჩეულ სტამბებში და ამ პროცესს აკვირდებოდნენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დამკვირვებლები", - აცხადებენ ცესკო-ში.

30 ოქტომბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში განაცხადეს, რომ ცესკო-ს 17 სექტემბერს მიმართეს წერილით, სადაც მათ შორის, ბიულეტენის ხარისხზე მიუთითეს და თქვეს, რომ უნდა მიღებულიყო ზომები პრობლემის აღმოსაფხვრელად. საია-ს თანახმად, პასუხად ცესკო-ში უთხრეს, რომ სასწავლო ეტაპზე სატესტო ვერსიის ბიულეტენს იყენებდნენ, არჩევნების დღეს კი ფარულობა იქნებოდა უზრუნველყოფილი.

"ბიულეტენების სისქე არ იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ უკანა მხარეს [მარკერს] არ დაეტოვებინა შესაბამისი კვალი. ეს არღვევდა ფარულობას მასშტაბურად და შესაბამისად ამომრჩეველს არ ეძლეოდა შესაძლებლობა, საკუთარი ხმა ფარულად დაეფიქსირებინა.

საიამ, ეს პრობლემა დააფიქსირა უფრო ადრე, როდესაც ცესკომ ჩაატარა სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრები, სადაც გამოყენებული იყო ბიულეტენების მსგავსი ქაღალდი და ჩვენ მაშინ დავაფიქსირეთ ადგილზევე, რომ ეს ქაღალდი არ იყო სათანადო ხარისხის, ხოლო შემდგომ მივმართეთ ცესკოს ოფიციალური წერილით და დავუსვით კითხვა ამ საკითხზე - ცესკო ჩვენ გვეუბნებოდა, რომ სასწავლო ეტაპზე გამოყენებული იყო სხვა ხარისხის ფურცელი, ხოლო არჩევნების დღეს გამოყენებული იქნებოდა სხვა ხარისხის ბიულეტენი და ქაღალდის ხარისხი ისეთი იქნებოდა, რომ უზრუნველყოფილიყო ფარულობის დაცვა. როგორც აღმოჩნდა, ეს პირობა არაა შესრულებული", - თქვა საია-ს ხელმძღვანელმა ნონა ქურდოვანიძემ.