"ცენზურაზე განცხადება უსაფუძვლოა, თავის მართლებას არავინ აპირებს" - სამინისტრო კინოცენტრზე

"ცენზურაზე განცხადება უსაფუძვლოა, თავის მართლებას არავინ აპირებს" - სამინისტრო კინოცენტრზე

კულტურის სამინისტრო კინოცენტრში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და თანამშრომლების პროტესტს "უსაფუძვლო აჟიოტაჟს" უწოდებს. უწყების თქმით, ამან კამპანიური ხასიათი მიიღო და საზოგადოებისთვის "მცდარი ინფორმაციის" მიზანმიმართულად მიწოდებას ემსახურება.

კულტურის სამინისტროს Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტზე კომენტარების დაწერის შესაძლებლობა შეზღუდული აქვს.

"მოცემული რეორგანიზაციის მიზანია, კინოცენტრის არსებული მენეჯმენტისა და ბიუროკრატიული პროცესების გაჯანსაღება/გამარტივება კინოხელოვანთა და კინოს ინტერესების გათვალისწინებით, ხოლო რეფორმა, რომლის კონკრეტული შინაარსიც რეალურად საქმით დაინტერესებული პირებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფის მიერ უნდა განისაზღვროს, გულისხმობს დღეს არსებულ ფინანსური მართვის სისტემაში ხარვეზების აღმოფხვრა-გაუმჯობესებას, სახელმწიფო თანხების ხარჯვის გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის მიღწევას, ასევე, ნეპოტიზმის აღმოფხვრას, კონკურსების გამართული და მეტად სამართლიანი მოდელის დანერგვას, საერთაშორისო ასპარეზზე ქართული კინოს კიდევ მეტად წარმოჩენას, კერძო ინვესტორების მოზიდვაში ხელოვანთა მხარდაჭერას, კოპროდუქციებისათვის ხელშეწყობას, ახალი თაობის კინოხელოვანთა ხელშეწყობას და, საბოლოო ჯამში, კინოცენტრის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის გაძლიერებას.

ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, არასერიოზულად გამოიყურება ზოგიერთი განცხადება იმასთან დაკავშირებით, თითქოს კინოცენტრის რეფორმა და მისი გაძლიერების პრიორიტეტი კინოს დარგში ცენზურას ისახავდეს მიზნად. მოცემულ უსაფუძვლო განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც პოლიტიკურად ანგაჟირებული პროცესის ნაწილია და ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის ოფისში ქართული კინოს წინააღმდეგ ჩაფიქრებული ნაბიჯია, თავის მართლებას არავინ აპირებს არც ახლა და არც - მომავალში", - აღნიშნულია განცხადებაში.

თეა წულუკიანის უწყების განცხადებით, სამინისტრო კინოხელოვანებთან შეხვედრების სერიას "ზუსტად ისევე გამართავს", როგორც ეს მოხდა თეატრის შესახებ კანონისა და სახელოვნებო განათლების რეფორმების შემთხვევაში. მათი განცხადებით, კინოს შემთხვევაში, პირველ ეტაპზე, საჭიროა, თავად კინოცენტრს სურდეს რეფორმა ქართული კინოს ინტერესების გათვალისწინებით და "საკუთარი თავით ტკბობის ნაცვლად", საკუთარი თავის ჩაყენება თანაბრად სურდეს ყველა თაობის კინოხელოვანის სამსახურში მის ხელთ არსებული ფინანსური, ბიუროკრატიული, საერთაშორისო და სხვა რესურსით.

"ვთვლით, რომ ტელეფონით და მეგობრობით მოგვარებული საქმეები არ არის მდგრადი სისტემა და ამგვარი სისტემის არარსებობა ზიანს აყენებს ქართულ კინოსა და შემოქმედებით თავისუფლებას. მოცემულ და სხვა თემებზე კონსტრუქციული დიალოგისათვის, სამინისტრო სხვადასხვა დაინტერესებულ პირთან და პირთა ჯგუფთან სამუშაო შეხვედრებს მიმდინარე კვირის ბოლოს დაიწყებს", - ნათქვამია განცხადებაში.

კინოცენტრის თანამშრომლებზე საუბრის დროს, უწყება მათ პროტესტს "ამბოხს" უწოდებს და აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, ზოგიერთი მათგანი "დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებს", გასამრჯელოს შეუფერხებლად იღებენ.

"არცერთ თანამშრომელს არ ჰქონია და არ აქვს რაიმე სახის შეზღუდვა საკუთარი საქმიანობის განხორციელებასა თუ შენობაში შესვლასთან დაკავშირებით. ამის მაგალითია, თუნდაც, ადმინისტრაციული დეპარტამენტის ამჟამინდელი უფროსი ბატონი კონსტანტინე ჩლაიძე, რომელსაც რეორგანიზაცია საერთოდ არ ეხება, ის ამის შესახებ ინფორმირებულია, მაგრამ, ტელევიზიების დასანახად, მაინც კარზე აკაკუნებს. კადრს მიღმა კი, ბატონი კონსტანტინე ჩვეულებრივ შედის კინოცენტრში და აქვს აქტიური კომუნიკაცია ბატონ კობა ხუბუნაიასთან.

ასევე გაუგებარია ერთ-ერთი მოქმედი თანამშრომლის, ბატონი ლევან აბდუშელიშვილის კარზე კაკუნი, რომელსაც, ამჟამად არა ერთი, არამედ ერთდროულად ორი პოზიცია უჭირავს კინოცენტრში და ორივე პოზიციაზე სამუშაოდ კინოცენტრის კარი მისთვის კაკუნის გარეშეც ღიაა. თუმცა, 12 ივლისიდან, მას მოუწევს მხოლოდ ერთ პოზიციაზე მუშაობა გამართული მენეჯმენტის პრინციპიდან გამომდინარე, რაც, სავარაუდოდ, უნდა იყოს მისი გაღიზიანების მიზეზიც.

ვფიქრობთ, მსგავსი თანამშრომლების მხრიდან უსაფუძვლო განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს კონკურსების გამოცხადება მოხდება კონკრეტული თემების მითითებით, რომ თითქოს კინოცენტრი გახდება ხალხისთვის ჩაკეტილი ორგანიზაცია და მსგავსი მითების ტირაჟირება საკუთარი შეცდომების გადაფარვას უფრო ემსახურება, ვიდრე კინოცენტრსა და ქართულ კინოზე ზრუნვას, რისთვისაც თითოეულ მათგანს მრავალი წელი ჰქონდა", - ამბობენ სამინისტროში.

***

11 ივნისს კინოცენტრის დირექტორის მოადგილემ ნინო კუხალაშვილმა განაცხადა, რომ კულტურის სამინისტრომ მისი შტატი გააუქმა და 12 ივლისიდან გათავისუფლებულია თანამდებობიდან.

მისი თქმით, წულუკიანმა რეორგანიზაცია დაიწყო, კინოცენტრის დებულებაში ცვლილებები შეიტანა, ხოლო დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად კობა ხუბუნაია დანიშნა - ის კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსიცაა.

კობა ხუბუნაიას ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ის 2021 წელს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე იყო, მანამდე კი იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ აღსრულების ეროვნულ ბიუროში საფინანსო საკითხებში ეკონომიკური სამსახურის მრჩეველი იყო.

მოგვიანებით მან ფორმულასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კინოცენტრის თანამშრომლებს ოფისმენეჯერად პროპაგანდისტული, სახელისუფლებო არხის POSTV-ის ჟურნალისტის, ბაჩო ოდიშარიას დანიშვნის ბრძანება დაუმალეს.

პროპაგანდისტული, სახელისუფლებო არხის POSTV-ის ჟურნალისტი, ბაჩო ოდიშარია, რომელიც მისივე თქმით, კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა, ფორმულასთან ამბობს, რომ კინოცენტრში "რეორგანიზაციაში ჩაერთვება."