ბოჭორიშვილი ვერ პასუხობს კითხვას, რატომ საუბრობენ ელჩების გაძევებაზე, თუ ამას არ აპირებენ

ბოჭორიშვილი ვერ პასუხობს კითხვას, რატომ საუბრობენ ელჩების გაძევებაზე, თუ ამას არ აპირებენ

ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს საქართველოში აკრედიტებული ელჩები დაიბარეს, პარალელურად კი, პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართეს, რომელზეც ელჩების ქვეყნიდან გაძევების საკითხზეც გაამახვილეს ყურადღება და თქვეს, რომ "მოსახლეობის მოთხოვნა ამა თუ იმ ელჩის გაძევებასთან დაკავშირებით კონტრპროდუქტიული იქნება მანამ, სანამ ელჩების დანიშვნაზე დიფ სთეითის მართული ევრობიუროკრატია იღებს გადაწყვეტილებას".

საგარეოში შეხვედრის დასრულების შემდეგ მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ელჩების დაბარების მიზანი - "4 ოქტომბრის არჩევნებთან და ამ დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მათთვის ინფორმაციის მიწოდებაა".

მან ასევე აღნიშნა, რომ ისაუბრეს საერთაშორისო გამოხმაურებებზე, რომლებიც, მისი მტკიცებით, "ხშირ შემთხვევაში, არასწორად ასახავს და ეხმაურება განვითარებულ მოვლენებს და ხდის მცდარ აღქმებსა და წარმოდგენებს საქართველოზე".

ჟურნალისტის კითხვაზე, დაიბარეს თუ არა საერთაშორისო დიპლომატები "საყვედურისთვის", ბოჭორიშვილი პასუხად ამბობს: "ელჩები საყვედურისთვის არ დაგვიბარებია, ელჩები დავიბარეთ იმისთვის, რომ მიგვეწოდებინა ობიექტური ინფორმაცია".

ფორმულას ჟურნალისტმა მას ასევე ჰკითხა, რატომ საუბრობს ქართული ოცნება ელჩების გაძევებაზე, თუ ამისთვის არ ემზადება - მაკა ბოჭორიშვილმა კითხვას კონკრეტულად ვერ უპასუხა და თქვა, რომ "საქართველო ინარჩუნებს მეგობრულ, პარტნიორულ ურთიერთობას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ვუფრთხილდებით წლების განმავლობაში ნაშენებ ურთიერთობებს".

ოცნების საგარეო მინისტრი კვლავ ირწმუნება, რომ საქართველოში ზოგიერთი აკრედიტებული ელჩი "არ იქცევა ვენის კონვენციის შესაბამისობაში".

"ჩვენ ძალიან კარგად ვაფასებთ თითოეული ელჩის, თითოეული დიპლომატის საქმიანობას საქართველოში. არაერთხელ დაგვიფიქსირებია, რომ, რა თქმა უნდა, სასურველია ისინი იქცეოდნენ ვენის კონვენციის შესაბამისობაში და ისე, როგორც ეს შეესაბამება დიპლომატს. [...]

ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა წერია ვენის კონვენციაში, ვიცით, როგორგი ქცევა შეესაბამება ვენის კონვენციას, ჩვენც გვყავს დიპლომატები და ჩვენი დიპლომატები არ ერევიან სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში. თუ ისინი ამას გააკეთებენ, ზუსტად ვიცით, რომ იმ ქვეყნებიდან იქნება შესაბამისი რეაგირება", - ამბობს მაკა ბოჭორიშვილი.