კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი კრიტიკულ მედიას "პოლიტიკურად ანგაჟირებულ" არხებად მოიხსენიებს და აცხადებს, რომ სანამ სახლში მივარდნასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავენ, დაფიქრდნენ.
"თქვენ თქვით, რა არის ეს სახლში მივარდნებიო, თქვენ, ფორმულა ჩემს სახლში სულ ახლახან იყავით მოვარდნილი - თქვენი და აქ მჯდომი არაერთი ტელევიზია სახლში გვივარდებით, მაგრამ მე არა მაქვს პრობლემა, მომივარდეთ სახლში ფორმულა და სხვა პოლიტიკურად ანგაჟირებული არხები, მაგრამ როდესაც ჩემი და ჩემი კოლეგების ოჯახის მოხუც წევრებს უვარდებით სახლებში, ესეც თქვენი ხელწერაა, ამიტომ სანამ ამ სიტყვებს გამოთქვამთ, სახლში მივარდნა როგორ შეიძლებაო, სამჯერ დაფიქრდით, თუ ღმერთი არ გწამთ, ხუთჯერ დაფიქრდით.
ფორმულა და სხვა პოლიტიკურად ანგაჟირებული არხები, სანამ შეიშმუშნებით, შეწუხდებით და ქალწულებრივ შეშფოთებას გამოთქვამთ იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე ვიღაცას სახლში ვიღაცა მიუვარდა, სამჯერ დაფიქრდით, იმიტომ, რომ ჩვენს სახლებში მოვარდნით ხართ დაკავებული. თუ ღმერთი არ გწამთ, სამჯერ არ დაფიქრდეთ, ხუთჯერ დაფიქრდით", - განაცხადა წულუკიანმა.
112-ში პროპაგანდისტული ტელევიზიის, POSTV-ის მიერ განხორციელებული ცრუ შეტყობინების გამო 25 მარტს გვიან ღამით ნაციონალური მოძრაობის წევრის, დიმა ჩიქოვანის საცხოვრებელ სახლში პოლიცია მივიდა და საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა.
უწყებაში POSTV-ის პროპაგანდისტმა, ნათია ბერიძემ დარეკა და განაცხადა, რომ ჩიქოვანმა, სავარაუდოდ, თათია სამხარაძე გაიტაცა. პოლიციელებმა დანაშაული ვერ დაადგინეს - ენმ-ის გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ ეს იყო ცრუ დასმენა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, დიმა ჩიქოვანის მიმართ მოწყობილი შეგნებული პროვოკაცია.
მომხდარის შესახებ თათია სამხარაძემ განაცხადა, რომ საგამოძიებო უწყებები პოსტივისთან ერთად "ჰიბრიდულ სპეცოპერაციებს დგამენ და ცრუ დასმენით, თითქოს მე გატაცებული ვიყო სახლში უვარდებიან ოპოზიციური პარტიის წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს. აი ასე, პროვოკაციულად უდანაშაულო ადამინს აბრალებენ სისხლის სამართლის უმძიმეს დანაშაულს."
სამხარაძის თქმით, მისი უსაფრთხოება, როგორც ქალთა უფლებადამცველის, საქართველოში საფრთხეშია.
თათია სამხარაძე ერთ-ერთია, ვინც POSTV-ის ხელმძღვანელი, შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა. მან რამიშვილს ტელეკომპანია იმედში ყოფნის დროს, 2016 წელს უჩივლა. 2018 წლის 3 იანვარს შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროების საქმეზე საქალაქო სასამართლომ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. რამიშვილმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა მოსამართლემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ორი ინსტანციის გადაწყვეტილება რამიშვილს უზენაეს სასამართლოში აღარ გაუსაჩივრებია.
ბოლო დღეების განმავლობაში რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში კიდევ რამდენიმე ქალმა ამხილა. მათი ისტორიები მსგავსია. როგორც ქალები ამბობენ, ისინი გასაუბრების დროს შეავიწროვეს. სექსუალური შევიწროების ბრალდებებს უარყოფს შალვა რამიშვილი.