წულუკიანი: დუმბაძეს უკადრებელი აკადრეს, გაბრაზდნენ მისი შვილის ხელმძღვანელად დანიშვნაზე

წულუკიანი: დუმბაძეს უკადრებელი აკადრეს, გაბრაზდნენ მისი შვილის ხელმძღვანელად დანიშვნაზე

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მტკიცებით, პროტესტი, რომელიც მწერალთა სახლის ხელმძღვანელად ქეთევან დუმბაძის დანიშვნას მოჰყვა, ნოდარ დუმბაძესა და მის შემოქმედებაზე თავდასხმაა.

"როცა ვამბობ ნოდარ დუმბაძე, არ შეიძლება არ აღვშფოთდე იმ საშინელებებით, რაც ჩვენ ამ საყვარელ, მზიან ადამიანს რამდენიმე კვირის წინ თავს დაატეხეს იმ ქალებმა და კაცებმა, რომლებმაც წეღან მცდელობა განახორციელეს, რომ ეს ტრიბუნა შტურმით აეღოთ. მას აკადრეს უკადრებელი, იმიტომ, რომ ვერაფერი დააკლეს ამდენი წელია ვერც მის შემოქმედებას და გაბრაზდნენ, რომ მისი შვილი, თქვენი ყოფილი კოლეგა, ჩვენთვის საყვარელი და პატივსაცემი ქალბატონი ქეთევან დუმბაძე დაინიშნა მწერალთა სახლის ხელმძღვანელად", - ამბობს ის პარლამენტში.

წულუკიანი ამბობს, რომ ეს მიუღებელია და დასძენს, რომ სისტემაში რეფორმები, როგორც მწერლობის, ასევე, კინოსა და თეატრის მიმართულებით გაგრძელდება.

"ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ის ხელოვანები, რომლებიც ბოიკოტს აცხადებენ, რომლებიც ილანძღებიან, რომლებიც ცდილობენ, გახდნენ პოლიტიკური თამაშის ნაწილი, ან არ ცდილობენ და არც კი იციან, მაგრამ სხვების მიერ არიან გამოყენებული პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად, იმედი მაქვს, რომ ისინი მაინც გადმოვლენ პარტნიორობის რეჟიმზე, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ყველას ხელშეწყობის სურვილი", - თქვა მან.

***

წულუკიანის გადაწყვეტილებით, ყოფილი დეპუტატი ქეთევან დუმბაძე მწერალთა სახლს 4 სექტემბრიდან ხელმძღვანელობს. მის დანიშვნას სფეროს წარმომადგენლების, გამომცემლების, მწერლებისა და მთარგმნელების პროტესტი მოჰყვა.

მან ამ თანამდებობაზე ნატა ლომოური შეცვალა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 7 აგვისტოს ამოეწურა.