კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი აშშ-ის მიერ ოფიციალურად დაწესებულ სავიზო შეზღუდვას "მორიგ შეცდომას" უწოდებს. ამის შესახებ მან იმედის ეთერში ისაუბრა.
"შეიძლება თამამად ვთქვა, რომ ეს არის მორიგი შეცდომა. სამწუხაროდ, მათდა სამწუხაროდ, ჩვენდა სამწუხაროდ, ამერიკის შეერთებული შტატები უშვებს თავის სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობაში. აქედან უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ მორიგი შეცდომის შემდეგ სხვა შეცდომებიც იქნება დაშვებული. ეს კიდევ უფრო გაახანგრძლივებს იმ დროს, რომელიც საჭიროა ორმხრივ ურთიერთობებში, რათა დადგეს, დღე როდესაც დაიწყება ფურცლის გადაშლა, ურთიერთობების გადატვირთვა. პირველ რიგში, აშშ-ს ძალიან სჭირდება რომ ეს ურთიერთობები გადაიტვირთოს", - განაცხადა წულუკიანმა.
სახელმწიფო დეპარტამენტი რუსულ კანონზე პასუხისმგებელ ან თანამონაწილე რამდენიმე ათეულ პირს სავიზო სანქციას უწესებს. ამის შესახებ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა ისაუბრა.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის თქმით, სანქციების პირველი ტალღა შეეხება ქართული ოცნების წევრებს, პარლამენტის წევრებს, ძალოვნებსა და კერძო პირებს.
კითხვაზე უშუალოდ რამდენ ადამიანს შეეხებოდა სავიზო შეზღუდვა, მილერმა კონკრეტული რიცხვი არ დაასახელა და თქვა, რომ დაახლოებით 30 ადამიანს. გარდა ამისა, მას კონკრეტული პირები და სახელები არ დაუკონკრეტებია და დასძინა, რომ საიმიგრაციო კანონმდებლობა სახელების გაჟღერების უფლებას არ აძლევს.
მილერის თქმით, სანქციების შესახებ სანქციების შესახებ ეს პირები გაფრთხილებულნი არ ყოფილან, რადგანაც სანქციები ძალაში მხოლოდ დღეს შევიდა. მაგრამ ვისაც მოქმედი ვიზა აქვთ, შესაბამისი შეტყობინებები ამის შემდგომ მიუვათ.