წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა დაადასტურა, რომ უკრაინის ქალაქ ხერსონის მერი იგორ კოლიხაევი, რომელიც ამ თანამდებობას რუსეთის უკრაინაში შეჭრის დროს იკავებდა, ტყვეობაში იმყოფება. ამის შესახებ კოლიხაევის შვილმა, სვიატოსლავ კოლიხაევმა განაცხადა.
მისი თქმით, მერის ზუსტი ადგილმდებარეობა და ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია. "მე დავუკავშირდი წითელ ჯვარს, და მხოლოდ ის მითხრეს, რომ რუსულმა მხარემ მამაჩემი სამხედრო ტყვეთა სიაში შეიყვანა", - აცხადებს კოლიხაევის შვილი.
იგორ კოლიხაევი ხერსონის ადმინისტრაციას 2020 წლის ნოემბრიდან ხელმძღვანელობს. გასული წლის მარტში ხერსონი რუსულმა სამხედროებმა დაიკავეს. ივნისში სამხედროებმა მერი, პირდაპირ თავისი ოფისიდან, გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. დიდი ხნის განმავლობაში იგორ კოლიხაევი დაკარგულად ითვლებოდა.
2022 წლის ნოემბერში რუსულმა სამხედროებმა დატოვეს ხერსონი. ისინი დნეპრის მარჯვენა ნაპირიდან გავიდნენ. ამჟამად ხერსონის ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობას უკრაინის სამხრეთის რეგიონის სამხედრო პროკურორის ყოფილი მოადგილე, რომან მროჩკო ასრულებს.